მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაზრის კვლევას იწყებს, რომელიც არსენალის მთაზე ე.წ სამთავრობო ქალაქის მოწყობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული შენობები უნდა აშენდეს. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი თბილისის მერიის შენობა იქნება, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობაა გათვალისწინებული.
თბილისის გენგეგმის ავტორი გვიხნის, რომ ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტში არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის განვითარება არ განიხილებოდა. მერაბ ბოლქვაძის თქმით, დღევანდელი ზონირება ამ ტიპის განაშენიანებას პირდაპირ არ ზღუდავს, მაგრამ გარკვეულ რისკებს აჩენს.
“მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით მანდ სამთავრობო ქალაქი არ იყო დაგეგმილი. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შეიძლება შევიდეს ცვლილება, მაგრამ ის უნდა იყოს ძალიან მყარად და მკაფიოდ დასაბუთებული. რამ გამოიწვია ის ცვლილება? ასეთი ცვლილებები მომხდარა სხვა ქალაქების გენერალურ გეგმებშიც, ზონის სახეობის და ცოტა უფრო მსხვილიც, მათ შორის, მაგალითად, ბერლინის მიწათსარგებლობის გეგმაში არაერთი ცვლილება მომხდარა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მყარი დასაბუთება.
სივრცითი მოწყობა გულისხმობს არა იმას, რომ უკვე გადაწყვეტილი მაქვს მე ამ ტერიტორიაზე რაღაცის მოწყობა და მოდი, ახლა ესკიზი შემოგვთავაზეთ. უპირველესი ამოცანა ურბანისტიკის გახლავთ ტერიტორიების სწორად შერჩევა. სად რისი განთავსება არის მიზანშეწონილი, მათ შორის ობიექტებისაც.
საერთოდ, ასეთი მსხვილი პროექტებისთვის კარგია, რომ პირველად მოხდეს ანალიზი, რომ იმისა თუ სად შეიძლება მათი განთავსება. თქვენ გახსოვთ, პროექტის განხორციელება კრწანისშიც იყო განხილული, მომზადდა ამისი პროექტი, დამტკიცდა, შეთანხმდა, შემდეგ, როგორც ჩანს, გადაიდო ის ამოცანა. არსენალის მთაზე ტრანსპორტის პრობლემებია, არის გამოწვევები მიწვდომადობის თვალსაზრისით”, – ამბობს თბილისის გენერალური გეგმის ავტორი მერაბ ბოლქვაძე BMG-სთან.
bm.ge




