ჯერჯერობით უძრავი ქონება ვერ გაძვირდება, თუმცა არც გაიაფებაა მოსალოდნელი – ანალიტიკოსების პროგნოზი

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება. დარგზე სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორი ფაქტორი ახდენს გავლენას. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან ბინების ღირებულება გაიზრდება, ნაწილი კი ფასების ზრდას პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.
სპეციალისტები ვერ ხსნიან მიზეზს, მაგრამ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ქართული ბაზარი მეტწილად მსყიდველუნარიან უცხოელ მოქალაქეებზე გადაეწყო. ამ გარემოებამ კი, ცხადია, შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. პრემიუმ კლასის ბინების მყიდველთა დიდი ნაწილიც, სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მოდის.
უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მუდმივად ცვალებადია. სამშენებლო სფეროს ექსპერტის მალხაზ კუნელაურის დაკვირვებით, მოთხოვნის ზრდა პერიოდულად ხდება, მაგრამ არა შიდა ბაზრის ხარჯზე.
,,ფასების მატებას, ძირითადად, უცხოელების აქტიურობა განაპირობებს. ასეთი რამ ს ომის დასაწყისში თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც დიდი რაოდენობით შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები. მათმა აქტიურობამ გამოიწვია ღირებულების მკვეთრი მატება. სერიოზულ ცვლილებას უახლოეს მომავალში აღარ ველოდებით, თუმცა ფასებში კორექტირება მუდმივად ხდება. მაგალითისთვის, ცვლილება ერთი წლის წინანდელ და ახლანდელ ფასებს შორის არა კლებისკენ, არამედ მატებისკენაა.
ბინებზე ფასების ცვლილებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მოგეხსენებათ, სამშენებლო მასალები, ძირითადად, უცხოურ ვალუტაშია და რაც არ უნდა ვარეგულიროთ ღირებულება, მაინც არ გამოგვივა. ჩვენთან ნებისმიერი ტიპის სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასი მაღალია. წლიდან წლამდე ყველაფერი გვიძვირდება. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ იზრდება და მათი შემოსავალი, რომელიც ლარშია თანდათან უფასურდება. ეს ბაზარს სერიოზულ პრობლემას უქმნის,” – აღნიშნა ,კუნელაურმა.
რაც შეეხება, ძველი და ახალაშენებული ბინების ფასებს და მოთხოვნას, ახალაშენებული კორპუსები უფრო პოპულარულია.
,,ახალაშენებულ ბინებზე გაცილებით მეტი მოთხოვნაა, შესაბამისად, ღირებულებაც უფრო მეტია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი ბინების ფასები კატასტროფულად დაეცემა. ის ინარჩუნებს თავის ნიშნულს.
ზოგადად, წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. წინა წლების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა ტიპის რისკი უძრავი ქონების ბაზარმა გაიარა. როგორიცაა ომი, კოვიდი, აქციები, ლარის დევალვაცია და ა.შ. მაგრამ ამას დიდი ზარალი არ მოჰყოლია. ამიტომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დაძაბულობა უძრავი ქონების ფასის მკვეთრ გაიაფებას არ იწვევს.
ზოგადად ცნობილია, რომ უძრავ ქონებზე და სამშენებლო მასალებზე ფასები დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე. საზღვარგარეთ იწარმოება ბევრი ნედლეული. შესაბამისად, ფასიც იზრდება, ოღონდ არა ისეთი სისწრაფით, რომ გაორმაგდეს. გასული ხუთი წლის ფასები რომ შევადაროთ ახლანდელს, დავინახავთ, რომ ყველა მიმართულებითაა მატებაა. შესაბამისად, მომავალშიც ანალოგიური ფორმით და დინამიკით უნდა ველოდოთ კორექციას.
ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ამას ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი. ამისთვის კი, აუცილებელია ბევრი საშუალო მეწარმე არსებობდეს, რომელბსაც სხვადასხვა საგადასახადო რეგულაციები ექნებათ განსხვავებით მცირე მეწარმისგან. ამით ხელი შეეწყობა იმ ფაქტორს, რომ საშუალო ფენაში გაჩნდეს ფული. ეს კი, გრძელვადიან პერიოდში დაასტაბილურებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო ბაზარს და სისტემას.
დღეს ქვეყნის ძირითადი ფულადი სახსრები თავმოყრილია დიდ და მსხვილ ქსელურ კომპანიებში. საშუალო და მცირე ბიზნესი ეკონომიკის მესამედსაც ვერ აკონტროლებს, რაც სერიოზული პრობლემაა”, – განაცხადა კუნელაურმა და დასძინა, რომ პრემიუმ კლასისბინებზე, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ადრე გაცილებით მეტი მოთხოვნა იყო, ვიდრე ახლა. ამ კატეგორიაზე მეტწილად უცხო ქვეყნიდან შემოსული პირები აქტიურობენ. ამ პირობებში ადგილობრივი შემოსავლის მქონე საქართველოს მოქალაქე ზარალდება.
ეკონომისტი და უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი შოთა გუჯაბიძე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაზარს ახასიათებს სეზონურობა, სიტუაციური ცვალებადობა.
,,როდესაც რარაცის შესყიდვა და შეძენა გვინდა, რაც არ უნდა გათვლილი და გაანგარიშებული ინვესტიცია იყოს, ეკონომისტის, ბიზნესმენის, თუ კერძო პირის ის ყოველთვის დაკავშირებულია ემოციასთან. მომხმარებლისთვის ბინის შეძენა პირველ რიგში ემოციური გადაწყვეტილებაა და იგიძალიან ბევრს განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევაში. ასეა უძრავი ქონების ბაზარზეც. თუ მშენებელს კორპუსი ძვირად აქვს აშენებული და ცდილობს ხარისხი გაზარდოს, რომ კონკურენტუნარიანი იყოს, ის იაფად ვეღარ გაყიდის, ფასს ვერ დააგდებს.
რა თქმა უნდა, არსებობს პერიოდები, როცა მეტ-ნაკლებად უმჯობესია თავი შევიკავოთ ინვესტირებისგან, ან იჯარის ხელშეკრულების დადებისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ უძრავი ქონება გრძელვადიანი ბაზარია და გაქირავების, გაყიდვის ნებისმიერი ოპერაციის დროს სიტუაციურად და სეზონურად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და ვერ გააძვირებ. მთავარია დავაკვირდეთ ბაზრის მაჯისცემას დადინამიკას გრძელვადიან პერსპექტივაში. ფაქტია, გაძვირების ტენდენცია მუდმივია, მაგრამ ეს დინამიკაშია”, – აღნიშნა გუჯაბიძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.
საერთოდ, თებერვლიდან გაზაფხულის ბოლომდე უძრავი ქონების ბაზარი მზარდია. ამიტომაც, ყველაზე ნაკლები რყევა მაშინ ხდება. რაც შეეხება არსებულ პერიოდს, ახლა ოქტომბერში საარჩევნო ციებ-ცხეკლებაა და ამ მონაკვეთში ბაზარმა უნდა შეძლოს სტაბილურობის შენარჩუნება.
,,მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდანაც მზარდია. აქტიურობენ არა მხოლოდ მომიჯნავე ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები, არამედ სხვა ქვეყნებიც. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვარსებობთ რუკაზე, როგორც ეკონომიურად აქტიური ობიექტი და ჩვენთან უძრავი ქონება საინტერესო და მიმზიდველია”, – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.
სექტემბრიდან უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ცვლილებაზე და მოსალოდნელ გაძვირებაზე ისაუბრა “ნოუბლ რიალ ისთეითის” თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა. მისივე აზრით, ამჟამად დასვენების პერიოდია, ამიტომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფონის შეფასებისას ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სექტემბრიდან უძრავი ქონების ბაზარზე სხვა სურათს უნდა ველოდოთ.
„მალე სხვა სურათი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ სექტემბრიდან, როდესაც დასვენების პერიოდი სრულდება, უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება. წელს ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო წელია, რაც ასევე გავლენას ახდენს მოთხოვნაზე.
რაც შეეხება ფასებს, დეველოპერული კომპანიები ბინების გაძვირებას აანონსებენ, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, იყოს ფასების კლების ტენდენცია, ეს არარეალურია. მოლოდინი იმისი უფრო არის, რომ ბინებზე ფასები მოიმატებს“, – განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
წყარო: რეზონანსი