ჯეორჯე სიმიონი არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს

პარტიის – „რუმინელების ერთიანობის ალიანსის“ (AUR) ლიდერმა ჯეორჯე სიმიონმა 20 მაისს განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს რუმინეთის 18 მაისის საპრეზიდენტო ს შედეგებს. სიმიონი არჩევნებში დამარცხდა დამოუკიდებელ კანდიდატ ნიკუშორ დანთან კონკურენციაში.
ჯეორჯე სიმიონი აცხადებს, რომ საჩივარში, რომლითაც ის სასამართლოს მიმართავს, იქნება იგივე არგუმენტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო 2024 წლის 24 ნოემბრის არჩევნების შედეგების ანულირების გადაწყვეტილების მიღებისას:
“5 მილიონზე მეტი რუმინელის პატივისცემით, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა, მსურს გამოგიცხადოთ, რომ ამ საქმეს არ დავტოვებთ ისე, როგორც მათ მოაწყეს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ ნიკუშორ დანის არჩევას ზუსტად იგივე მიზეზებით, რომელთა საფუძველზეც გაუქმდა 24 ნოემბრის არჩევნები“
სიმიონმა არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში დაადანაშაულა „სახელმწიფო აქტორები“ – საფრანგეთი და მოლდოვა.
„გაყალბება მოხდა ჩემი ოპონენტისთვის ხმების დამატებით“.
„ჩვენ არ დავმარცხებულვართ, არ ვნებდებით, არავის დავუმარცხებივართ. რუმინელმა ხალხმა გაიღვიძა და სიფხიზლეს შეინარჩუნებს“ – ამბობს სიმიონი ვიდეორგოლში, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა – „როცა ეს ბრძოლა დასრულდება, გამარჯვებულები ვიქნებით“.
AUR-ის ლიდერმა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, განაცხადა, რომ უცხო სახელმწიფოები ჩაერივნენ რუმინეთის არჩევნებში და რომ „ეს ეხებოდა ამომრჩევლის მოსყიდვას – მხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკას 100 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი გამოეყო“ და რომ ნიკუშორ დანის მიერ მიღებული ხმების ნაწილი გაყალბებული იყო.
ჯეორჯე სიმიონმა აგრეთვე მოითხოვა, რომ რუმინეთის სახელმწიფომ სასამართლო კონტროლის ზომა მოუხსნას კალინ ჯეორჯესკუს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ბოგდან პეშჩირი – კაცი, რომელსაც ბრალი დასდეს ამომრჩევლის მოსყიდვაში – რომ მან რამდენიმე ადამიანს ფული მისცა კალინ ჯეორჯესკუსთვის ხმის მისაცემად 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში. სინამდვილეში, პეშჩირი 25 აპრილს გაათავისუფლეს.
თავის სიტყვაში სიმიონი დეტალებში შესვლის გარეშე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ის დამარცხდა, მან თავიდან აიცილა „სისხლის ღვრა“.
სიმიონის განცხადება გავრცელდა ორშაბათს საღამოს, მას შემდეგ, რაც AUR-ის წევრმა დეპუტატებმა გამოაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას მომავალი მთავრობის ფორმირებაზე დისკუსიებში, ნიკუშორ დანს კი „ე.წ. არჩეული პრეზიდენტი“ უწოდეს.
ჯეორჯე სიმიონმა ორშაბათს საღამოს ტიკტოკზე გავრცელებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ის გაასაჩივრებდა 18 მაისის არჩევნების შედეგებს.
AUR-ის ლიდერი კვირას გამართულ არჩევნებში დამარცხდა ამომრჩეველთა ხმების 46.4%-ით. მისმა ოპონენტმა ნიკუშორ დანმა 53.6% მიიღო.
კვირიდან ორშაბათს ღამით, როცა ხმის ოფიციალურმა დათვლამ აჩვენა, რომ დანმა გაიმარჯვა, სიმიონმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან დამარცხება აღიარა.
„მსურს მივულოცო ჩემს ოპონენტს, ნიკუშორ დანს. მან გაიმარჯვა არჩევნებში. ეს იყო რუმინელი ხალხის ნება“ – განაცხადა „რუმინელების ერთიანობის ალიანსის“ ლიდერმა.
სიმიონი აცხადებდა, რომ ის მარტო იყო სისტემის პირისპირ და ამომრჩევლებს მიმართა გაეგრძელებინათ ბრძოლა ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის კამპანიის დროს ეყრდნობოდა: ბუნებრივი ოჯახისთვის, ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, თავისუფლებისთვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო 5 მილიონზე მეტ რუმინელს, რომელიც მე მენდო. მე მათ იმედებს არ გავუცრუებ, არაფერია ჩემთვის იმაზე ძვირფასი, ვიდრე მათი ნდობა“ – განაცხადა სიმიონმა. ეს გზავნილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც თავიდან, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ჯეორჯე სიმიონმა „მკაფიო გამარჯვება“ გამოაცხადა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 65% იყო, ანუ თითქმის 11 მილიონ 642 ათასი ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – დაახლოებით 12%-ით მეტმა, ვიდრე პირველ ტურში.
4 მაისს ჯეორჯე სიმიონმა გაიმარჯვა არჩევნების პირველ ტურში და ოთხ მილიონზე მეტი ხმა (40%) მიიღო, როცა მის ოპონენტ ნიკუშორ დანს ამომრჩეველთა დაახლოებით 20%-მა დაუჭირა მხარი.