ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრებში მთავარი მიზანი დაასახელა

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კომენტარი გაუკეთა თავის დანიშვნას საპატიო თანამდებობაზე.
სპეციალისტის თქმით, ის ყოველთვის ოცნებობდა ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე.
„ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გავამართლებ მოლოდინს. ვიცი, რომ ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ცხოვრებაში იოლი არაფერია. მე და ჩემი თანაშემწეები ვაცნობიერებთ, რომ წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მართლაც დიდი საქმის გაკეთებას.
საჭიროა მუშაობა, ბევრი მოგზაურობა, მოთამაშეებთან საუბარი, რათა მათ გონებაში შევაღწიო. უკვე მრავალი წელია, მესმის, რომ ჩვენ არ გვყავს ტალანტი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოთამაშეები არიან – საჭიროა მხოლოდ პირობების შექმნა, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა გატუზომ.
ასევე მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა დააბრუნოს იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე.
„ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის.
უნდა დავაბრუნოთ ენთუზიაზმი და არ უნდა ვიფიქროთ ნეგატიურად. ის, ვინც ნაკრებში მოდის, მან ეს დიდ ენთუზიზმით უნდა გააკეთოს. ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმნათ ერთიანი გუნდი, რაღაც ოჯახის მსგავსი. ტაქტიკისა და ტექნიკის გარდა, ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გუნდური ერთიანობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოარჩევდა იტალიის ნაკრებს მთელ მსოფლიოში“, – მოჰყავს ვებგვერდ TuttoMercatoWeb-ს გატუზოს სიტყვები.
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ნორვეგიასთან (0:3) წაგებითა და მოლდოვის (2:0) დამარცხებით დაიწყო. ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით იტალია პირველ მატჩებს სექტემბერში ჩაატარებს: 5 სექტემბერს ესტონეთთან და 8 სექტემბერს ისრაელთან.
პირველი არხი