აფხაზეთში, ე.წ. არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩიხში ექცევა: ან უნდა დაეთანხმოს რუსეთის წინადადებას ე.წ. აპარტამენტებზე, რაც აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედიაა, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედიაა – გამოსავალი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაა,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთში ყველა „კანდიდატი“ ხმამაღლა აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც რუსეთიდანაა შეთავაზებული, მიუღებელია, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები კი აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს არწმუნებს, რომ „მთავარი მიზეზი არა ცუდი დე ფაქტო პრეზიდენტი და მთავრობა, არამედ ოკუპაციაა“.
„ბჟანიას გადაგდების შემდეგ რა შეიცვალა – პრინციპში, არაფერი შეცვლილა. არ შეცლილა იმდენად, რამდენადაც პრობლემები, რამაც ბჟანიას გადადგომა გამოიწვია, რჩება დღემდე და ყველა ეს პრობლემა დარჩება არჩევნების შემდეგაც. ანუ, ის, რამაც საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია, დღესაც არსებობს და ე.წ. არჩევნების შემდეგაც დარჩება. განვითარებული მოვლენების მთავარი საბაბი გახდა ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება, აპარტამენტებთან დაკავშირებით. რუსეთი კატეგორიულად აყენებს საკითხს, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. ბადრა გუნბა მოსკოვში რომ იყო, ნოვაკთან შეხვედრაზე ითქვა, რომ შეთანხმება რაღაცნაირად უნდა გადაიხედოს, რომ ორივე მხარის ინტერესები გათვალისწინებული იყოს, თუმცა ეს ცარიელი სიტყვებია. რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც რუსეთის საბოლოო მიზანია, რომ რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდეს 30 ათასამდე აპარტამენტი, რაც დაახლოებით 100 ათასამდე ეთნიკური რუსის ჩამოსახლებას გამოიწვევს. ამ პრობლემას არავინ ხსნის. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ რუსეთს ამ აპარტამენტების აშენება და მილიარდების აქ დახარჯვა არ უღირს. თუ ამას გამარჯვებული კანდიდატი არ დაეთანხმება, ვინც არ უნდა იყოს, რუსეთი დააბრუნებს სანქციებს, რომელმაც ერთ თვეში აფხაზეთი თავიდან ბოლომდე ჩამოშალა – სიცივე, შიმშილი, უხელფასობა, სრული კოლაფსი. ეს ვითარება, შეიძლება, დაბრუნდეს. ანუ, შექმნილია ჩიხური მდგომარეობა. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამ ჩიხში ექცევა: ან უნდა დაეთანხმოს რუსეთის წინადადებას, რაც აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედიაა, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედიაა. ანუ, დაეთანხმება თუ არა, პრობლემა, აფხაზების ყოფნა-არ ყოფნის, რჩება. აი, რა ჩიხშია ეს პატარა რეგიონი. ეს ე.წ. არჩევნები ამ პრობლემას არ ხსნის. ბადრა გუნბას ჩათვლით, ყველა ხმამაღლა აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც შეთავაზებულია, მიუღებელია. მიკროსკოპული ცვლილებები თუ შევა, ეს არაფერს შეცვლის და აფხაზურ საზოგადოებაში იგივე პრობლემები დარჩება. ერთი სიტყვით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ ეს გამოსავალი არის არა ამ რუსულ წინადადებებზე დათანხმება ან უარყოფა, არამედ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. აფხაზებს თუ გადარჩება სურს, რომ ერმა კეთილდღეობაში იცხოვროს, ერთადერთი გამოსავალია. განვითარებული მოვლენები აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს არწმუნებს, რომ მოვლენების მთავარი მიზეზი არის არა ცუდი დე ფაქტო პრეზიდენტი და მთავრობა, არამედ არსებული ვითარება, რომელსაც რეალურად, საერთაშორისო სამართლის ენაზე ოკუპაცია ჰქვია და იქ ცინიკურად აფხაზეთის დამოუკიდებლობას ეძახიან. ეს, მათი ტერმინით დამოუკიდებლობა და სინამდვილეში ოკუპაცია არის მიზეზი. შესაბამისად, ეს მიზეზი რომ მოიხსნას, საჭიროა დეოკუპაცია და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. სიმბოლურია, რაც აფხაზეთის აეროპორტის საცდელი ფრენის დოკუმენტებში წერია, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც რუსულად Грузия, ინგლისურად კი Georgia ჰქვია. მოვლენების განვითარება კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე დღემდე იყო“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს, როგორც გამახარია ამბობს, მოსკოვში ბადრა გუნბას მაღალ დონეზე მიღებამ ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეს ადამიანი კრემლის კანდიდატია.
„რუსეთი აშკარად მხარს უჭერს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელს ბადრა გუნბას და ამის მკაფიო დადასტურება გახლავთ არა მხოლოდ განცხადებები, რომელიც რუსეთიდან კეთდება, არამედ ისიც, რომ ის მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. ის იქ ჩავიდა 5 თებერვალს. პირველი შეხვედრა მას ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჰქონდა. შემდეგ, დაიწყო ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობაში, ყველა წამყვან მინისტრთან – იქნებოდა ეს ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვის – ყველა იმ მიმართულების, რომელიც ასე თუ ისე ჩართულია პროცესებში აფხაზეთის ტერიტორიაზე. კანდიდატია ეს ადამიანი და კანდიდატის ასეთ დონეზე მიღებამ ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეს ადამიანი კრემლის კანდიდატია. ამან უკმაყოფილება გამოიწვია სოხუმში და მთელი რიგი განცხადებები გაკეთდა“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
