ჯეიკ სალივანი – რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის პროცესში აშშ-ს წარმომადგენლებს არ ჰქონიათ პირდაპირი კავშირი ვლადიმერ პუტინთან

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ პირდაპირი კავშირი ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„იყო გაფართოებული კომუნიკაცია რუსეთის მაღალჩინოსნებთან. არ ვაპირებ დეტალებში შესვლას, რადგან ეს არხები სენსიტიურია და აუცილებელია მათი დაცვა სწორედ იმ მიზეზით, რომ ამ სენსიტიური არხების ქონა გვაძლევს შედეგის მიღწევის საშუალებას“,- განაცხადა სალივანმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, პატიმართა გაცვლის შეთანხმება შეიძლება თუ არა, რომ გახდეს საფუძველი დიპლომატიური ძალისხმევისთვის რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, სალივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ვერ ხედავს ვერავითარ კავშირს პატიმრების გათავისუფლების მიზნით წარმართულ მოლაპარაკებასა და ნებისმიერი სახის დიპლომატიას შორის უკრაინის კონტექსტში.
„ეს სულ სხვადასხვა მიმართულებაა. ერთი ეხება გაცვლასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხს, მეორე უფრო მეტად კომპლექსურია, სადაც უკრაინელები შეასრულებენ მთავარ როლს და შეერთებული შტატები კი პარტნიორებთან კონსულტაციით მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას მაშინ, როდესაც მზად იქნება მსგავსი დიპლომატიისთვის“,- განაცხადა სალივანმა.
ასევე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რეპორტიორებმა -ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართეს კითხვით, სურდა თუ არა მას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არ მჭირდება პუტინთან საუბარი“.
სალივანის განმარტებით, პრეზიდენტი ბაიდენი პირადად იყო ჩართული პატიმრების გათავისუფლების მოლაპარაკებებში.
ცნობისთვის, რუსეთის მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი (გათავისუფლებული აშშ-დან), ვლადისლავ კლიუშინი (გათავისუფლებული აშშ-დან), და ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი (გათავისუფლებული გერმანიიდან).
გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.
გერმანიაში წავლენ 5 გერმანიის მოქალაქე – რიკო კრიგერი, კევინ ლიკი, პარტიკ შობელი, დიტერ ვორონინი და ჰერმან მოიჟესი, და 7 რუსი პოლიტიკური პატიმარი – ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ვადიმ ოსტანინი, ანდრეი პივოვაროვი, ოლეგ ორლოვი და საშა სკოჩილენკო.

ასევე დაგაინტერესებთ