ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რევაზ კიკნაძე, რომელიც სასამართლო სხდომიდან გაძევებული იყო, მოსამართლემ პროცესზე დააბრუნა

პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძე, რომელიც სასამართლო სხდომებიდან გაძევებული იყო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სასამართლო პროცესზე დააბრუნა.
აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა გუკა ავსაჯანიშვილმა დააყენა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღევანდელ სასამართლო პროცესს რევაზ კიკნაძე არ დაესწრო, რადგან მან ამაზე უარი განაცხადა.
„დღევანდელი პროცესიდან მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ სასამართლო დარბაზში რეზო კიკნაძე დაბრუნდა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ თავის სათქმელი მიიტანოს ადამიანებამდე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სხდომა გაიხსნა და ბრალდებული პირების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სასამართლო პროცესს დაესწრნენ.
რაც შეეხება შესავალ სიტყვას, ვინაიდან რევაზ კიკნაძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, შესავალი სიტყვით არ გვისარგებლია”,- განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.