ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ბრალდების მხარე მათ ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. გოცირიძე, აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.
მათი თქმით, ის აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მას თან ჰქონდა დანაც.
აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
