გაუქმებული ჯავშნები და კორპორაციული ღონისძიებები – ასე ხვდება სეზონს ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების უმრავლესობა. როგორც გარე, ისე შიდა ბაზრიდან მოთხოვნა შემცირებულია ბაკურიანში მდებარე სასტუმროებშიც. „ბაკურიანი ინის“ შემთხვევაში დეკემბერსა და იანვარში ჯავშნები გააუქმეს ჯგუფებმა პოლონეთიდან და ესტონეთიდან. კლებაა საქმიან ტურიზმშიც.
„დეკემბრის თვეში „ბაკურიანი ინი“ 60%-ით არის დატვირთული, მთლიანი თვე მაქვს მხედველობაში. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებს აქვს გავლენა. შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა შემცირებულია როგორც შიდა ბაზრიდან, ასევე ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე მიზნობრივი ბაზრიდან.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფები გაუქმდა პოლონეთიდან, ესტონეთიდან როგორც დეკემბრის, ასევე იანვრის პერიოდზე. გარდა ამისა საქმიანი ტურიზმი შემცირებულია და აქაც გვაქვს რამდენიმე გაუქმება. რამდენიმე კომპანიისგან ჯერ კიდევ საბოლოო პასუხი არ მოსულა და ალბათ მიმდინარე მოვლენების განვითარება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოვლენების დროს მარკეტინგული ბიუჯეტი იზრდება და ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, რაც ბიზნესისთვის მტკივნეულია ხოლმე“,- აცხადებს „ინ ჰოსპითალითის“ კომერციული დირექტორი.