ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს მოლდოვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი

რთე/რთ-ის რუმინული სამსახურის ინფორმაციით, 8 სექტემბერს დააკავეს მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) ყოფილი უფროსი. რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატის (DIICOT) პროკურორები მას ღალატში ადანაშაულებენ – რუმინეთის საზიანოდ ბელარუსისთვის საიდუმლო ინფორმაციის არაერთჯერადი გადაცემით.
47 წლის ეჭვმიტანილი რუმინეთში ჩაიყვანა DIICOT-მა ჩაიყვანა.
პროკურორები აცხადებენ, რომ 2024 წლიდან დღემდე, ეჭვმიტანილი, რომელსაც ადრე ეკავა წამყვანი თანამდებობები მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში (SIS), „ჩართული იყო სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებისთვის – ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) თანამშრომლებისთვის – უკანონო გადაცემის ქმედებებში, ისეთ გარემოებებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუმინეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას“.
მას, სავარაუდოდ, ჰქონდა ორი შეხვედრა ბელარუსის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებთან 2024-2025 წლებში, ორივე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, “ბუდაპეშტში გამართული შეხვედრების მიზანი იყო, ეჭვმიტანილს გასამრჯელოს საფასურად ინფორმაცია გადაეცა და მიეღო შემდგომი ინსტრუქციები” – აცხადებს “ევროჯასტი”.
გამოძიება ჩატარდა ევროკავშირის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს”(EUROJUST) ეგიდით, რუმინეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურებისა და უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და მოლდოვის პროკურორების მონაწილეობითა და მხარდაჭერით.
რუმინეთის დაზვერვის სამსახური ადასტურებს დაკავების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა დოკუმენტირებულია “განსაკუთრებული საშუალებებით” რუმინეთის საგამოძიებო სამსახურის(SRI)-ს მიერ, გარე პარტნიორებთან თანამშრომლობით. იმავე მინიშნებას აკეთებს DIICOT-ი, რომელსაც “ბოლო ეტაპზე” დაემატა პოლონეთი, მოლდოვის დაზვერვის სამსახურის მხარდაჭერით.
რუმინული ახალი ამბების სააგენტო G4Media წერს, რომ დაკავებულია მოლდოვის საიდუმლო სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე. გამოძიებასთან ახლოს მყოფი წყაროების თანახმად, ეჭვმიტანილი ტიმიშოარას აეროპორტში დააკავეს.
ჩეხეთის რესპუბლიკამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან გააძევოს “ბელარუსის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში დიპლომატის საფარქვეშ მუშაობდა“:
„დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა, რუმინეთისა და უნგრეთის დაზვერვის სამსახურებთან ერთად, წარმატებით შევაღწიეთ და გამოვააშკარავეთ ბელარუსის ევროპაში ჩანერგილი სადაზვერვო ქსელი. ამ საერთაშორისო ოპერაციიდან გამომდინარე, ჩეხეთმა გადაწყვიტა გააძევოს ბელარუსის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში დიპლომატის საფარქვეშ მუშაობდა“ – წერია ჩეხეთის საიდუმლო სამსახურის X-ის პლატფორმაზე.
EUROJUST-ის კოორდინაციით, რუმინეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა მოახერხეს ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლა და გამოავლინეს პირის დანაშაულებრივი მოქმედება. უწყებამ აგრეთვე უზრუნველჰყო ევროპის საგამოძიებო ორდერების სწრაფად აღსრულება.
EUROJUST-ის განცხადებაში ვკითხულობთ:
“8 სექტემბერს, შუადღისას, პირი რუმინეთში დააკავეს. ამ ოპერაციის წარმატება განაპირობა რუმინეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის პროკურორების, პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურების სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერამ. ეს აჩვენებს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას მავნე აქტივობების გამოსაძიებლად, იმ ფონზე, როცა ეჭვმიტანილები სარგებლობენ შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების უფლებით”.
გამოძიება გრძელდება.