სამოქალაქო აქტორების ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და რადას მიმართავს, უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც, მათივე განცხადებით, დღემდე ჩართულები არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და მისი უფლებების შელახვის ფაქტებში.
“არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და სტუდენტები ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. საქართველოს ხელისუფლება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ცდილობს, პოლიტიკური ოპონენტი ფიზიკურად გაანადგუროს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, მისი ევროპული მომავლისთვის კი გარდამტეხია. მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი და საერთო ევროპული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ლიდერი, რომლის თავისუფლებაზე ყოფნა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებს.
ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. გთხოვთ, უკრაინის პროკურატურას მიმართოთ, გამოძიება დაიწყონ და სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი გამოვლინდეს”. – წერია განცხადებაში.
ხელმომწერთა შორისაა ნაციონალური მოძრაობის წევრი და მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძეც. მან ამ განცხადების შესახებ ისაუბრა.
“უკრაინას მივმართავთ, რომ მათი პროკურატურა ჩაერთოს და ყველა ადამიანი გამოვლინდეს, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მონაწილეა”. – თქვა ჯაფარიძემ.
დოკუმენტს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა, რომელიც მისი ერთ-ერთი ხელმომწერია.
“კონკრეტული ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში მონაწილეობდნენ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ […] ვფიქრობთ, უკრაინამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს”. – ამბობს ხაბეიშვილი.
მიმართვას ხელს სულ 80-მდე ადამიანი აწერს.