გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციას “პოლიტიკური გზავნილი” უწოდა, მისი თქმით ის რომ დეკლარაციაში საქართველოს აღარ ახსენებენ, პირდაპირი პასუხია ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებასა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე.
“ეს არის პასუხი რეალურად ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია.
ის, რომ საქართველოს ხსენება აღარ არის და აღარ არის დაფიქსირებული, თუნდაც დადასტურება იმისა, რაც ჩაიწერა თავის დროზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკური გზავნილია მთელი სამყაროსთვის, მარტო ჩვენთვის არა, რომ საქართველოს აღარ განიხილავენ ისეთ პარტნიორად, როგორადაც განიხილავდნენ და ის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად არის გაჩერებული.
რეალურად ვართ პროცესში, როდესაც ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესი გაჩერდა, ამის შემოტრიალების ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის ხელისუფლების ცვლილება”. – თქვა ჯაფარიძემ.
