ლელო – საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი. ამის შესახებ მან გადაცემა ფორმულას დღეში ისაუბრა.
ჯაფარიძის თქმით, რუსეთში ცვლილებების დრო ნამდვილად დადგება, თუმცა ახლა მცდელობები, რომ მოსახლეობამ ალტერნატივა დაინახოს, კრემლის მხრიდან სასტიკ დასჯას დაექვემდებარება.
“ნავალნის დაღუპვა აჩვენებს კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეპყრობა პუტინი მის თანამოქალაქეებს, რომლებსაც აგზავნის სიკვდილზე უკრაინაში, ასობით ათასი უკვე დაიღუპა უკრაინაში რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეწირება პუტინის აგრესიულ მიზნებს და მისთვის ადამიანის სიცოცხლე ნამდვილად აბსოლუტურად არანაირი ღირებულების მქონე არ არის.
ნავალნი გამორჩეული სიმამაცის ადამიანი აღმოჩნდა. ის პრაქტიკულად გერმანიიდან დაბრუნდა გარანტირებულ სიკვდილზე რუსეთში, მაგრამ მან გამოაჩინა თავისი სიმამაცე, თავშეწირვა და ეს ძალიან დასაფასებელია, ეს არის გამორჩეული თვისება და ამ მხრივ, მისი ეს თავშეწირვა არ შეიძლება დარჩეს ყოველგვარი კვალის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთში იქნება ცვლილებები, ეს გარდაუვალია. კი, დღეს პუტინის რეჟიმი პირდაპირ ანადგურებს თავის ოპონენტებს, ფიზიკურად ანადგურებს, მაგრამ წარსულიდან გამომდინარე, წარსული ისტორიული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის მმართველები ვერ ახერხებენ ცვლილებების საბოლოო ჯამში შეკავებას და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება.
მაგრამ დღეს იმდენად რკინის ხელში უკავია რუსეთის ფედერაციის კონტროლი, რომ ამ წუთას ნებისმიერი მცდელობა, რომ რაღაც ალტერნატივა დაინახოს მოსახლეობამ, ნებისმიერი მცდელობა ხვდება კრემლის მხრიდან სასტიკ დასჯას და ჩვენ ვნახეთ, კიდევ ერთი მსხვერპლი რუსეთის ბრუტალური რეჟიმის ნავალნის სახით”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.