გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კრიტიკულ მედიას მიმართავს და წერს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის სხვაობებისა და დაპირისპირების ხაზგასმა არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებას ხელს უშლის.
“ნომერ პირველი ხელის შემშლელი ფაქტორია – როდესაც ადამიანები უყურებენ, ოპოზიციური პარტიები როგორ ჩხუბობენ ან ერთმანეთს აგინებენ.
ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებისა და ერთმანეთში წარსულში არსებული დაპირისპირებების ძიება, მგონია, რომ არის პრობლემა”. – წერს ჯაფარიძე.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი აღნიშნავს, რომ პრობლემა არა კითხვების დასმა, არამედ მაყურებელთა იმ კატეგორიისთვის “დოფამინის გამოყოფის ხელშეწყობაა”, რომლებიც ნეგატივით იკვებებიან. საპირისპიროდ, ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების მობილიზაციისთვის საჭიროა ენთუზიაზმის გაღვივება.
“კითხვების დასმა კი არ არის პრობლემა. მე მესმის, რომ არსებობს მაყურებელთა კატეგორია, რომელიც იკვებება ნეგატივით. მე მგონია პრობლემა მათთვის დოფამინის გამოყოფის ხელშეწყობა.
თუ გვინდა ბევრი მოქალაქის გამოყვანა, ხალხს სჭირდება იმედის ჩვენება, ენთუზიაზმის გაღვივება, იმის დანახვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც რაღაცები გადალახეს და მათ კითხვებზე: შეძლებენ თუ არა თანამშრომლობას, კოალიციის შექმნას, პასუხისმგებლობის აღებას, მართლა აქვთ თუ არა წარმოდგენა, საით უნდა წაიყვანონ ეს ქვეყანა… – ამ რაღაცების ჩვენება მგონია გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე დაპირისპირების”. – წერს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილება პრობლემაა, რადგან არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზაციაა. მისივე თქმით, პარტიებმა, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა და ახალმა გაერთიანებით მნიშვნელოვანი რამ გააკეთეს, რადგან უთანხმოებები დაძლიეს.
“არჩევნებზე ნომერ პირველი ამოცანაა – რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანა.
ერთადერთი ფორმულაა.
მხოლოდ ბევრ ადამიანს შეუძლია დაძლიოს ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბება, შანტაჟი, მუქარა და ა.შ – თუ გამარჯვება გვინდა. […]
მნიშვნელოვანი ამბავია, რაც გავაკეთეთ ჩვენ, “გირჩი – მეტი თავისუფლებამ”, “დროამ” და “ახალმა”.
მოვახერხეთ რთული რაღაცების დაძლევა და შეთანხმებამდე მისვლა.
თუ ჩვენ გვინდა გამარჯვება, ადამიანებს უნდა ვანახოთ როგორი ქვეყანა გვინდა, როგორ წარმოგვიდგენია რაღაცების გაკეთება”. – წერს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე საქართველოს ახლანდელ ვითარებას 2012 წლის რუსეთს ადარებს, როცა იქ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი მიიღეს და ოპოზიციის მხრიდან აქციებისა და პროტესტის მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოება დამარცხდა. მისი თქმით, ამის თავიდან ასარიდებლად პოლიტიკური პარტიებისა და კრიტიკული მედიის მიზანი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს.
“2012 წელს რუსეთში იყო საპროტესტო აქციები, ზეიმობდნენ, უხაროდათ, ჩათვალეს, რომ პუტინი დაამარცხეს, როგორც ჩვენთან იყო, მაგრამ ვხედავთ, სად არის რუსეთი ახლა.
მე მჯერა, რომ “ქართული ოცნების” მიღმა დგანან ისევ იგივე რუსები, რომლებმაც ეს “შეუსრულეს” მაშინ რუსულ ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იქ აღარ არსებობენ საერთოდ.
ჩვენ ყველანი ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ.
ოქტომბერში თუ ეს ხელისუფლება ხელახალ ლეგიტიმაციას მიიღებს, იგივენაირად “შეგვისრულებენ”.
ამ შემთხვევაში, კრიტიკულად განწყობილი არხების ამოცანაც და მიზანიც უნდა იყოს იგივე, რაც არის პოლიტიკური პარტიების მიზანი”. – წერს ჯაფარიძე.
