ჯაფარიძე “ზღაპარს” უწოდებს ცნობას, რომ მელიასთან შეთანხმება ელენე ხოშტარიას გამო ჩაიშალა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე უარყოფს, რომ სა და ს გაერთიანებასთან შეთანხმება ელენე ხოშტარიასა და დავით კეზერაშვილის მეგობრობის გამო ვერ შედგა.
სწორედ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ არის გაერთიანებული „გირჩი-მეტი თავისუფლება“.
ამის შესახებ მან 12 მარტს „ტვ პირველზე“ „რეაქციაში“ ისაუბრა.
„არაფერი ასეთი არ ყოფილა, რომ რადგან ხოშტარიას ნათქვამი აქვს, რომ კეზერაშვილი მისი მეგობარია, ამის გამო რაღაც ჩაიშალა, ეს არის ზღაპარი თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ დიდი ოპოზიციური ერთობა შეიკვრება, მაშინ თავადაც ამ გაერთიანებაში იქნებიან.
„დიდი ერთობა თუ შეიკრიბა, მაგ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენც მაგის ნაწილი, მაგალითად, „ლელოც“. ბევრნაირი კომბინაციები შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ ახლა, ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ ვართ ჩვენი თავით დაკავებული. კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან, მაგრამ ეს არ არის კონსულტაციები ხვალ ან ზეგ რაღაც ერთობის შექმნაზე“, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციაში არსებობს გააზრება იმისა, რომ ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში, ოპოზიციის ფრაგმენტაციაა.
მისი თქმით, ერთ და ორ კვირაში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ მოვა დრო, როცა ამის შესახებ საუბარი დაიწყება.
„ის, რომ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ეს არის ერთ-ერთი განხილვის საკითხი და ამაზე მისაუბრია, როგორც გვარამიასთან, ისე მელიასთან და „ლელოსთანაც“. ოღონდ არცერთ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რომ ხვალ რაღაც ერთობას ვაკეთებთ. ასეთი რამ არასდროს გვითქვამს. ეს კომუნიკაცია ახლაც შენარჩუნებულია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სამთვიანი — როგორც თვითონ ახასიათებენ — რთული კონსულტაციების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 11 მარტს გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
პარტია „ახალში“ შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე და სხვები.
დიდი ალბათობით, პარტია „ახალში“ შევლენ ხატია დეკანოიძე, , ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი. გვარამიამ მათთან „ახლო მეგობრობა“ და კონსულტაციები დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მოვლენებს ვერ დაასწრებს.
ცნობილია ნიკა მელიას დამოკიდებულება „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის მიმართ, რომელსაც ის ოლიგარქად მოიხსენიებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვან მმართველობაშიც ადანაშაულებდა. ელენე ხოშტარიამ კი 2022 წელს განაცხადა, რომ მას დავით კეზერაშვილთან პარტნიორობა აკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული