ჯაფარიძე: გაგრძელდება მოლაპარაკება გახარიასთან, იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება

ლელო – საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს სა და გიორგი გახარიას შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა მოლაპარაკება გაგრძელდება, რათა მიღწეული იქნას საბოლოო შეთანხმება.
ბადრი ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში იმედი გამოთქვა, რომ “შეთანხმება წარმატებით დასრულდება”.
“დღეს შეხვედრისას მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ასეთი ტიპის მოლაპარაკებები ერთი შეხვედრისას არ სრულდება, აქ ვფიქრობ, პაუზაც უადგილოა, ალბათ, გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ მიღწეული იქნას საბოლოო შეთანხმება. ეს შეთანხმება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დასამალი არაფერია, შესაბამისად, როდესაც ის დასრულდება, იმედი მაქვს, რომ დასრულდება წარმატებით, გაეცნობა საზოგადოებას ძირითადი პუნქტები, რომლებსაც ეს შეთანხმება მოიცავს, რომ რაიმე ორჭოფობა, ორაზროვნება არ იყოს”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
მისივე თქმით, პოზიცია, რომელიც ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე დღეს მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა, კოალიცია ძლიერ საქართველოსთან შეთანხმებულია.
“მამუკა ხაზარაძე აწარმოებს მოლაპარაკებას იმის შემდგომ, როდესაც ხდება შეჯერება კოალიციის წევრებს შორის, ამიტომ, ის პოზიცია, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აჟღერებს გიორგი გახარიასთან, ეს არის კოალიციის პოზიცია, ამიტომ, ცხადია, რომ საქმის კურსში ვართ მოლაპარაკების შინაარსზეც და იმაზეც, თუ რა საკითხზე გვჭირდება ახლა დამატებით მოლაპარაკების გაგრძელება მეორე მხარესთან.