ჯარიმის მოლოდინში არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ფილარმონიასთან წაშლილი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილის აღდგენას აპირებდნენ.
აქტივისტი ცოტნე ჯაფარიძის განცხადებით, მათ სტენსილის აღდგენის პროცესში, პოლიციის 3-4 ეკიპაჟი მიუახლოვდათ, ჩამოართვა მასალები და განყოფილებაში გადაიყვანა.
„საქმე გვაქვს მიზანმიმართულ წაშლასთან და ეს არ არის პირველი შემთხვევა. 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს წაშალეს ყველა სტენსილი ერთად, რომელიც ვაკე-ვერას მიდამოებში იყო. მათ შორის ერთ-ერთი იყო ფილარმონიასთან არსებული ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილი.
გუშინ გვინდოდა მისი აღდგენა. ღამით მივედით და ხატვა დავიწყეთ. მხოლოდ ქვედა ნაწილი გვქონდა დასრულებული, როდესაც მოვიდნენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, რის გამოც საქმის გაგრძელება ვეღარ შევძელით. დაახლოებით 3-4 ეკიპაჟი მოვიდა, თითქოს დიდი კრიმინალები ვყოფილიყავით. შემდეგ გადაგვიყვანეს ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში. ჩამოგვართვეს და დალუქეს სტენსილები, ასევე ჩამოგვართვეს პულვერიზატორები (საღებავები).
დაიწყო საქმის მსვლელობა. ვინაიდან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, საქმე მერიას გადაეცემა და შემდეგ ჯარიმას დაგვიწერენ. ზუსტად იგივე სტენსილების დახატვის გამო ჯარიმა უკვე არაერთხელ გვაქვს დაწერილი.
როდესაც ასე გამიზნულად ებრძვიან ყველაფერს, რაც კი ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით კი — პატრიოტულ და მებრძოლ სულს, ამას ნამდვილად ასე ვერ დავტოვებთ. ეს სტენსილები აუცილებლად დაიხატება და მათი ხატვა ყველგან გაგრძელდება”, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე ტვ პირველთან.
ანწუხელიძის გარდა, ასევე წაშლილია ამბროსი ხელაიას, მარო მაყაშვილის და სხვა ანტისაოკუპაციო სტენსილებიც.




