„ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ავტომობილის გამართვას – დღემდე არ ხდება პატრულისგან რეაგირება ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილზე“

„დღემდე არ ხდება რეაგირება ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილზე, როდესაც მას ხედავს პოლიცია,” – ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხორციელდება ქვეყანაში, საკმარისი არ არის.
„10 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული კონფერენცია „ინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, რომლის მიზანი იყო დაგვენახა, რა გამოწვევები დაგვრჩა 5-წლიან ჭრილში, რათა გაუმჯობესდეს საგზაო და უსაფრთხოების სტანდარტები. კონფერენციაში მოწვეული გვყავდა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ვისაც ეხება და ასევე საერთაშორისო ინსპექტირების ცენტრის უფროსი გერჰარ მიულერი. შევაჯამეთ მიმდინარე პროცესი.
„კონფერენციის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება ქვეყანაში, საკმარისი არ არის. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ინსპექტირება საჭიროა, რადგან ე.წ. კატალიზატორი, რომელიც არ არის მწყობრში, 1 მეტრი რადიუსზე კონცენტრირდება მავნე ნივთიერებად და პირველ რიგში ბავშვების ჯანმრთელობას აყენებს გამოუსწორებელ ზიანს. როდესაც ქირაობ გარკვეულ ნაწილებს და ტექინსპექტირებას ისე გადიხარ, ჩანს, რომ ამ პასუხისმგებლობის გააზრება არ ხდება და შენი ავტომობილი ხდება საგზაო შემთხვევების მიზეზი. იგივე პრობლემა იყო ავტოსადგურების შემთხვევაში, როდესაც ტრანსპორტი მოდის ტექინსპექტირებაზე და ამის მერე ხდებოდა ე.წ. „ტაბურეტკებით“ მისი „ჩაჭედვა“, ასევე საავარიო გასასვლელის ჩაკეტვა და ა.შ,“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, 2024 წლის 9 თვეში ინსპექტირება 714 707-მა ავტომობილმა გაიარა, მაგრამ როგორც აღნიშნავს, ეს რაოდენობა ნახევარიც კი არ არის იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც ინსპექტირებას არ გადიან.
„დღემდე არ ხდება რეაგირება ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილზე, როდესაც მას ხედავს პოლიცია. კარგია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს 2023 წლიდან აქვს გამონაბოლქვზე რეაგირების საშუალება და გარკვეული ღონისძიებების გატარების უფლება.
მეორე საკითხია რამდენად პირდაპირპროპორციულია ჯარიმები, რომლებიც ხშირად ურჩევნიათ გადაიხადონ, ვიდრე ავტომობილი გამართონ. ამიტომ ისევ იქ მივდივართ, რომ კანონის აღსრულება არის მნიშვნელოვანი და თუ ეს გაცნობიერებული არ გვაქვს, აზრი არ აქვს არაფრის კეთებას,“ – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
bpn.ge