ჯარიმა 1000 ლარი და 12 თვით ავტომობილის მართვის უფლების აკრძალვა – ასეთი სანქცია დააკისრეს მამაკაცს, რომლის ცოლიც გუშინ მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას შეუერთდა და 15 წუთით საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ღერძულა ხაზზე დადგა.
დაჯარიმებული გივი ცინცაძის მეუღლე, ირინა ზარანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო მანიფესტის დროს საჭესთან მისი ქმარი იჯდა, რის გამოც ჯარიმა სწორედ მამაკაცს დააკისრეს.
“რასაც, მზია ამაღლობელი ჩვენთვის და ქვეყნისთვის აკეთებს, მასთან შედარებით, ზღვაში წვეთია ეს. .. მაგრამ, პოლიციელების უნამუსობას საზღვარი ხომ, არა აქვს ….. პ.ს დღეს 15 საათიან აქციას შევუერთდით მე და ირმა მგელაძე, ღერძულა ხაზთან გავაჩერეთ ავტომობილი და ლაივში გავედით 3 წუთით. ამის შემდეგ, 40 წუთში გაგვაჩერეს და რადგან ჩემი მეუღლე იჯდა საჭესთან გაჩერების დროს, ჩემი მეუღლე გივი ცინცაძე დააჯარიმეს 1000 ლარით და 12 თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეს მზია ამაღლობელს!! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!” – წერს მოქალაქე.
ცნობისთვის, გუშინ, 31 იანვარს, მზია ამღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
15 წუთით ქალმა აქტივისტებმა გზის სავალი ნაწილების ღერძულა ხაზები დაიკავეს. ქალებმა ს ამ ფორმით გადაწყვიტეს სოლიდარობა გამოეცხადებინათ ციხეში მოშიმშილე ქალი ჟურნალისტი პატიმრისთვის.
ღერძულა ხაზებთან მდგომ ქალებს ხელში სიმბოლურად ეჭირათ თეთრი ქაღალდი შავი ხელნაწერი ტექსტით: თავისუფლება მზია ამაღლობელს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 21-ე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.
წყარო: tv pirveli
