სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის, რომლითაც ენის გამოყენების წესები მკაცრდება. უწყება მიიჩნევს, რომ ფოსტასა და ტრანსპორტში სლოვაკურ ენაზე კომუნიკაცია სავალდებულო უნდა გახდეს და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდოს. კანონპროექტის კრიტიკოსები უმცირესობათა უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ, თავად უნგრული უმცირესობა და ოფიციალური ბუდაპეშტი კი სლოვაკეთში შექმნილ სიტუაციას და იქ მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
ბილინგვიზმი სამხრეთ სლოვაკეთში ფართოდ არის გავრცელებული – სლოვაკურ და უნგრულ ენებზე წარწერები, გვერდიგვერდ, მრავლად არის ფირნიშებზე, სარეკლამო ბანერებსა და აფიშებზე. სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს სურს იხილოს, რომ სლოვაკური წარწერა ყოველთვის წინა პლანზეა და მინიმუმ, შრიფტის იგივე ზომით არის შესრულებული.
„საკანონმნდებლო ცვლილებების პროექტში უფრო ზუსტად არის განსაზღვრული სახელმწიფო ენის შესახებ კანონთან შესაბამისობის მონიტორინგის წესები და ძლიერდება საზედამხედველო ორგანოს კომპეტენცია, მათ შორის – სანქციების დაწესების სფეროში“, – ციტირებს სამინისტროს განცხადებას სლოვაკური გამოცემა „Denník N“.
კანონპროექტით გათვალისწინებულია საფოსტო განყოფილებებისა და ოფისების, ასევე ავტობუსებისა და მატარებლების თანამშრომლების დასჯა სლოვაკურის გარდა სხვა ენის გამოყენებისთვის. ამ შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 10 ათას ევრომდე, ხოლო კომპანიებს – 16 ათას ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. „წარსულში, როდესაც ენის შესახებ კანონი გამკაცრდა, ის ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას იწვევდა“, – გაფრთხილებით გამოდის უნგრული ვებსაიტის, Napunk-ის მთავარი რედაქტორი, ზოლტან სალაი.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უმცირესობების, განსაკუთრებით უნგრული თემის უფლებებზე, რომელსაც სლოვაკეთში 460 000 წევრი ჰყავს. ამიტომ, ახალი კანონით ბუდაპეშტიც არის დაინტერესებული. „თუ საკანონმდებლო პროცესში რაიმე შეუსაბამობას აღმოვაჩენთ, ყოველგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სლოვაკეთის ხელისუფლებასთან შესაბამისი კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევისთვის ჯარიმები სლოვაკეთში ვლადიმირ მეჩიარის პრემიერ-მინისტრობის დროიდან იღებს სათავეს. თუმცა, მას შემდეგ ჯარიმები შემსუბუქდა და უმეტეს შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები არც კი ამოქმედებულა. კულტურის მინისტრის, მარტინა შიმკოვიჩოვას ახალი ინიციატივით სიტუაციის შეცვლა და გამკაცრება იგეგმება. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პიტერ ჟიგა არ მიიჩნევს, რომ ამით „უნგრეთის ეროვნული უმცირესობის ცხოვრების ხარისხი რამენაირად შემცირდება“.
„თუ კანონპროექტი იმ სულისკვეთებას შეინარჩუნებს, რომლითაც ის განიხილება, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უმცირესობების უფლებების შეზღუდვა იქნება“, – განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიციური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ წარმომადგენელი, კულტურისა და მედიის კომიტეტის საპარლამენტო თავმჯდომარის მოადგილე, ზორა იაუროვა.
კანონპროექტი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და მთავრობა მის განხილვას იანვრის ბოლოსთვის გეგმავს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში მომავალი წლის ზაფხულიდან შევა.
წყარო: 1tv.ge