ჯანო არჩაია: ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან – ღმერთს თუ სატანას

რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, ჯანო არჩაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, არც თავად და არც მასთან ერთად მყოფი სხვა დაკავებულები სთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

„მინდა დავამატო და მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან – ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ მრევლს, სულიერ შვილებს, ერთი დაფიქრდით, თავად თქვენს შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ, როგორ სცემენ ციხეში და სამი წლის ბავშვებს ქუჩაში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ… რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება“, – განაცხადა ჯანო არჩაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.