ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა 71 333 მოქალაქეს აქვს

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა 71 333 მოქალაქეს აქვს
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 71 333 მოქმედი პოლისი იყო, რაც სამი თვის წინანდელ მაჩვენებელს 1200-ით აღემატება.
რაც შეეხება წინა წლის იგივე პერიოდს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 30 ივნისის მონაცემებით, ეს რაოდენობა 62 151 -ს შეადგენდა.
გასულ წლებში საცალო სეგმენტში ჯანმრთელობის დაზღვევის მაჩვენებელი საგრძნობ ზრდას აჩვენებდა: ზედამხედველის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს ასეთი პაკეტების რაოდენობა 68 ათასზე ოდნავ მეტი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13 131-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წელი 2022 წელთან შედარებით ამ სეგმენტში 6500-იანი მატებით აღინიშნა.
ინდივიდუალური პოლისის თავისებურება და ნაკლი ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ მოქალაქე ამ პროდუქტს უკვე დამდგარი დიაგნოზის სამკურნალოს არ ყიდულობს და მკურნალობის შემდეგ უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, პოლისის გაყიდვამდე კომპანია დაზღვევის მსურველის ანკეტირებას ახდენს ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას მიმზიდველს არ ხდის.
თუმცა მოქალაქეების ნაწილი, რომელსაც გარკვეული შემოსავალი გააჩნია, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო, არ აქვს კორპორატიული დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევის მწირ პაკეტს ინდივიდუალური დაზღვევის შეძენას ამჯობინებს.
jandacva.ge