ჯანმო მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ აქტიურად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკაში ვირუს mpox-ის, იგივე მაიმუნის ყვავილის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს და აფრიკაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას განიხილავს.
ეს საკითხი 14 აგვისტოს, ჯანმოს საგანგებო სხდომაზე დადგება დღის წესრიგში.
საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, კონგოში დაწესდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ამ ქვეყანაში მომხდარი ეპიდაფეთქება მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი სხვა კონტინენტებზე გავრცელდეს.
კონგოში წელს mpox-ის სერიოზული აფეთქებაა. უკვე დადასტურებულია ინფიცირების 14 ათასზე მეტი და გარდაცვალების 511 შემთხვევა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2022-2023 წლებში და 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ 100 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. გარაცვალების მაჩვენებელი 0,5%-ს შეადგენს. სპეციალისტების თქმით, არსებობს რისკი, რომ ვირუსი უფრო სერიოზული სიმპტომებით გამოვლინდეს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს.
რაც შეეხება საქართველოს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტზე განთავსებული რუკის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 2 შემთხვევაა დადასტურებული და არცერთი გარდაცვალების ფაქტი.
იმის შესახებ, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა, 2022 წლის ივნისში გახდა ცნობილი. მეორე შემთხვევის შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე და გამონაყარი, რომელსაც წინ უძღვის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. გამონაყარი ვრცელდება ძირითადად სახისა და კიდურების არეში.
რაც შეეხება დაავადების გადადების გზებს, დაინფიცირებისთვის საჭიროა კონტაქტში მოხვედრა სეკრეტებთან, ანუ გამონაყრის შიგთავსთან შეხება. ჰაეროვანი გზით ეს ინფექცია საერთოდ არ გადადის, წვეთოვანი გზით კი – ძალიან რთულად, მინიმუმ 3 საათიანი კონტაქტის პირობებში 2 მეტრზე ნაკლები დისტანციით.
წყარო: jandacva.ge