ჯანმო ევროპაში კლიმატის ცვლილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს – საქართველოში კი წელს ძლიერი სიცხეების ალბათობა ნაკლებია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უახლოეს წლებში კლიმატის ცვლილების შედეგად, სიცხისგან დაზარალებული ადამიანების რაოდენობა ძალიან მკვეთრად გაიზრდება.
ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში, ჰაერის ზედმეტად მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურად 175 ათასი ადამიანი იღუპება და უახლოეს წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯანმოს ევროპის განყოფილების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯანმოს ევროპულ რეგიონში, რომელიც ცენტრალურ აზიამდე არსებულ ტერიტორიამდე ვრცელდება, ჰაერის ტემპერატურის მატების ტემპი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს.
ბოლო 20 წელიწადში სიცხის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი რეგიონში 30%-ით გაიზარდა.
„ექსტრემალური ტემპერატურა ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემაში, ასევე რესპირატორულ გართულებებს, აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დიაბეტთან დაკავშირებულ მდგომარეობას,“ – აცხადებს ჯანმო.
მანამდე იუნისეფმა განაცხადა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიცხის გამო 400-მდე ბავშვი იღუპება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გლობალური დათბობის ტენდენცია საქართველოსაც ვერ აუვლის გვერდს, თუმცა აცხადებენ იმასაც, რომ წელს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის ალბათობა დაბალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველოში ძალიან მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი არ არის, მისივე თქმით, მთელი აგვისტოს განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს, თუმცა გამორიცხული არ არის.
Jandacva.ge-ს შეკითხვაზე, არის თუ არა მიმდინარე წლის ზაფხული გამორჩეული დაბალი ტემპერატურით, ნიორაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და საქართველოში უფრო გრილი ზაფხულის სეზონებიც ყოფილა. ამასთან, მისი განმარტებით, ასეთი სიტუაციაც გლობალური დათბობის შედეგია.
Jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ