ჯანმოს ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად 1,7 მილიარდი დოლარი სჭირდება – სპეციალისტები ორგანიზაციის კრიზისზე საუბრობენ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 1,7 მილიარდი დოლარის მოძიების აუცილებლობის წინაშე დგას.
თემაზე გამოცემა Swissinfo წერს და აღნიშნავს, რომ დასახელებული თანხა ორგანიზაციას 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვისთვის ესაჭიროება. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად კერძო დაფინანსების მიზიდვა სახელდება, თუმცა ასეთი მიდგომა არაერთ კითხვას ბადებს.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს მიიღო გადაწყვეტილება ჯანმოს დატოვების შესახებ. ამის შემდეგ ორგანიზაცია უპრეცედენტო ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.
კრიზისზე საპასუხოდ ჯანმომ მიმდინარე საოპერაციო ხარჯების შემცირება დაიწყო: შემცირდა ხელმძღვანელი შემადგენლობის რიცხოვნობა, ასევე შეკვეცილ იქნა საერთაშორისო მონაწილეობის მასშტაბები და ახალი თანამშრომლების მიღებაზე მორატორიუმი გამოცხადდა.
ამის მიუხედავად, ასეთი რადიკალური ზომებიც კი არაა საკმარისი ბიუჯეტის ქრონიკული და მუდმივად მზარდი დეფიციტისთვის. შედეგად კი, არის საფრთხე, რომ კერძო და კორპორატიულ დონორებზე ორგანიზაციის დამოკიდებულება გაძლიერდეს. კერძო მოთამაშეებს კი პოლიტიკური და კომერციული ინტერესები ამოძრავებთ, რაც ყოველთვის არ ემთხვევა ჯანმოს მთავარ მიზანს – ხელი შეუწყოს ყველა სახელმწიფოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესაძლო უმაღლესი დონის მიღწევას.
დაარსებიდან, 1948 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სტაბილური დაფინანსების პრობლემის წინაშე არაერთხელ დამდგარა. ის ძალიან ძლიერად იყო დამოკიდებული ძირითად დონორებზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე. 2024 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში შტატებმა აიღო ვალდებულება, ორგანიზაციისთვის 988 მილიონი დოლარი გადაეხადა, რაც ჯანმოს საერთო ბიუჯეტის 14%-ია. ეს თანხა მოიცავს როგორც სავალდებულო შენატანებს, ისე ნებაყოფლობით გადახდებს.
შტატების მიერ ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 2026 წლის იანვრიდან შევა, თუმცა 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული, ჯანმოს შტატებისგან არანაირი თანხები არ მიუღია.
თუმცა, სპეციალისტების ნაწილის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა, ორგანიზაციის სხვა წევრი-სახელმწიფოების პრიორიტეტებითაც იყოს გამოწვეული, რომელთა შორისაც, უკრაინის ომის ფონზე, თავდაცვის დაფინანსება მთავარი ამოცანაა.
შეერთებული შტატების შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეორე მსხვილი დამფინანსებელი ბილ და მელინდა გეითსების ფონდია, რომელიც ჯანმოს დაფინანსების 13%-ს უზრუნველყოფს. თუმცა სპეციალისტების ნაწილში შეშფოთებას იწვევს ერთი ადამიანის თუ ფონდის ასეთი გადაჭარბებული გავლენა გლობალურ დაწესებულებაზე ჯანდაცვის სფეროში.
2025 წლის მაისში ჯანმომ გამართა დონორების ღონისძიება, რომლის საშუალებითაც 250 მილიონი დოლარი მიიზიდა. ეს თანხები 2025-2028 წლების საბაზისო ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება. ამ რაუნდის ფარგლებში დანიურმა ფონდმა Novo Nordisk-მა 57 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა, თუმცა ამ თანხის განაწილების დეტალები არ ხმაურდება.
ამასთან, ფონდის საიტის თანახმად, ის ჰოლდინგური კომპანიის Novo Holdings-ის საშუალებით საქმიანობს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფარმაცევტულ კომპანია Novo Nordisk-ს ფლობს, რომელიც დანიაში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელია. სხვა პრეპარატებს შორის სწორედ მისი წარმოებისაა წონის კლებისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი „ოზემპიკი.“ საკუთარი პროგრამების დასაფინანსებლად ფონდი სწორედ ამ კომპანიის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს.
