ჯანმოს ანგარიშში საქართველო აღებულია როგორც გაუაზრებელი რეფორმების მაგალითი – სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სანდრო ურუშაძის შეფასებით, ჯანდაცვის სექტორში რეფორმების შეფასების საზომი უნდა იყოს არა მხოლოდ მისი დანერგვა, არამედ რეფორმების გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათ ფინანსურ დაცულობასა და მომსახურების სერვისზე.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მიერ დღეს, Facebook-ში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრობს.
“ზურაბ აზარაშვილის საქმიანობის შეფასებას, ალბათ სწორი იქნება, თვითონ ჯანდაცვის სექტორი შევაფასოთ, სადაც ბევრი რეფორმა ტარდება; რეფორმების გატარებას კი, გარდა გეგმისა, აქვს განხორციელების ლოგიკა – როდის ვიწყებთ, როგორ ვახორციელებთ; რეფორმების შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კი არის არა ის, დაინერგა თუ არა, არამედ რეფორმებს ვაფასებთ იმის მიხედვით, რა გავლენა მოახდინა მან ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათ ფინანსურ დაცულობაზე, მომსახურების ხარისხზე და ა.შ.
მაგალითისთვის ავიღოთ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელი (DRG) – ჩვენ არ ვართ ნოვატორები; DRG მექანიზმს ბევრი ქვეყანა სხვადასხვანაირად იყენებს; არსებობს გლობალური ბიუჯეტი, დიფერენცირებული ტარიფები და ა.შ. რეფორმა რომ შევაფასოთ, პირველ რიგში, გვჭირდება ინდიკატორები – მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, რა გავლენა იქონია ე.წ. ჯიბიდან გადახდებზე, მაგრამ 2017 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს არ აქვეყნებს, რაც ამის შეფასების საშუალებას მოგვცემდა; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშით კი, ჯანდაცვის სექტორი ისევ დიდწილად ჯიბიდან ფინანსდება ანუ ხარჯების ნახევარზე მეტს ისევ მოქალაქეები იხდიან. დიახ, მოქალაქეების მხრიდან თანაგადახდა შემცირდა, ოღონდ ჰოსპიტალურ სექტორში, მაგრამ ამით უნდა ვიამაყოთ?!“, – განაცხადა სანდრო ურუშაძემ და იქვე დასძინა, რომ ჯანმოს იგივე ანგარიშში საქართველო აღებულია როგორც გაუაზრებელი რეფორმების მაგალითი.
ამ კონტექსტში მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახსენა, რომლის შედეგად, ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა მედიკამენტების დაუფინანსებლობის გამო, მკვეთრად გაიზარდა ოჯახების კატასტროფული დანახარჯები. „ამიტომაც გახდა საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რათა მედიკამენტების ხარჯებს მეტი ყურადღება მივაქციოთ“, – დასძინა მან.
ამდენად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეფორმების შედეგების და სწორი ინდიკატორების მიხედვით შეფასების მნიშვნელობას.
„ილუზიაა, რომ ჩვენ რიგი რეფორმებით მოვახერხებთ ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ხარჯების ზრდა შევამციროთ ანუ ის პროცენტი, რითაც იზრდება ხარჯები – არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ ის ხარჯები, რომელსაც მოქალაქეები იხდიან თავისი ჯიბიდან; ეს ხარჯები ერთიანად უნდა შევაფასოთ და შემდეგ უკვე შე ვიმუშაოთ ხედვა, როგორ შეიძლება ეს ხარჯი/თანხა უფრო მეტად მივმართოთ პრევენციული მედიცინისკენ, დაავადებების ნაადრევ სტადიაზე დიაგნოსტირებისკენ, ასევე იმისკენ, როგორ გავხადოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაც შეიძლება მეტი თანხა დავახარჯოთ ავადმყოფს. ჩვენი მთავარი იდეა და ამოცანა ეს უნდა იყოს და არა ვიამაყოთ იმით, რამდენ ფულს ვხარჯავთ წამლებზე, გამოკვლევებზე, ონკოლოგიაზე და ა.შ. ეს აუცილებელი ხარჯია და ცხადია, საჭიროა, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ შევძლოთ დაავადებების პრევენცია და ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება“, – განმარტა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

bm.ge