„ჯანდაცვის სერვისების მიწოდების კუთხით კერძო კლინიკები და კომპანიები ლიდერობენ, ხოლო დაფინანსების კუთხით, ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო დანახარჯებია“ – სალომე დეისაძე
ჯანდაცვის სექტორი 2024 წელს 12%-ით 4,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
,,თიბისი კაპიტალის” უფროსი ასოცირებული მკვლევრის, სალომე დეისაძის შეფასებით, ჯანდაცვის სექტორის ზრდა ზოგადად აღმავალია, თუმცა სექტორში გარკვეული რყევები დაფიქსირდა, რაც Covid 19-ის პანდემიის შემდგომი კორექტირებით იყო გამოწვეული. როგორც დეისაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, 2024 წელს ჯანდაცვის სექტორის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში შემცირდა. რაც შეეხება სერვისების მიწოდებას, ამ მხრივ კერძო კლინიკები ლიდერობენ: ჯანდაცვის სერვისების და დაფინანსების თანხებს ძირითადად მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
„2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სექტორის გამოშვებამ 4.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. ამ წლების განმავლობაში ზოგადი ტენდენცია აღმავალი იყო და საშუალო წლიური ზრდა 3.4% შეადგენდა, თუმცა იყო გარკვეული რყევები, რაც კოვიდ 19-ის პანდემიას უკავშირდება, კერძოდ, 2020-2021 წლებში იყო მნიშვნელოვანი ზრდა გამოშვების, ხოლო 2022-2023 წლებში იყო პანდემიის შემდგომი კორექტირების ეტაპი. სექტორის გამოშვება 2022 წელს შემცირდა 6%-ით, ხოლო 2023 წელს 5%-ით. თუმცა, 2018 წლიდან 2024 წლამდე მთლიანი ტენდენცია აღმავალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის სექტორის გამოშვების წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 2018 წელს იყო 3.8%, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 3.2% შეადგენს, ანუ ჯანდაცვის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნულ წლებში ეკონომიკის სხვა დარგები უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ჯანდაცვის სექტორი.
სერვისების მიწოდების კუთხით კერძო კლინიკები და კომპანიები ლიდერობენ, ხოლო დაფინანსების კუთხით – ერთ-ერთი წამყვანი არის სწორედ სახელმწიფო დანახარჯები. ჯანდაცვის სერვისების მთლიან დანახარჯებსაც რომ შევხედოთ, სახელმწიფო დანახარჯების წილი 2023 წელს შეადგენდა 50%-ს, ხოლო მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი წილი შეადგენს 40%; მცირე, დაახლოებით 9-10%-ის ფარგლებში მერყეობს კერძო დაზღვევის წილი.
ჯიბიდან გადახდილი გადასახადები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ჯერჯერობით, საქართველოში ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა მას შემცირების ტენდენცია ახასიათებს. 2018 წელს ეს მაჩვენებელი იყო 53%, ახლა კი დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 2030 წლისთვის ეს მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 25%-ს. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს რომ შევხედოთ, საქართველო სიდიდით მე-10 ქვეყანაა აღნიშნული მაჩვენებლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ტვირთი ჯანდაცვის სერვისების და დაფინანსების, ჯერჯერობით მაინც მოსახლეობაზე მოდის“,- აღნიშნა “თიბისი კაპიტალის” უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, სალომე დეისაძემ, რადიო „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
