ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

დღეს, 8 სექტემბერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
როგორც აქციაზე გამოსვლისას ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ განაცხადა, დღეს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე კიდევ ერთხელ შეიტანენ განცხადებას და ღია შეხვედრას მოითხოვენ.
„წელიწადზე მეტია ვითხოვთ ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტებს, კვლევებს და სიცოცხლის უფლებას. სახელმწიფო შეგვხვდა, მაგრამ ამ შეხვედრებზე იყო მხოლოდ დაპირებები. ჩვენ გვჭირდება ქმედებები, დაპირებები არ შველის ონკოპაციენტებს. ჩვენ გვჭირდება ინოვაციური მედიკამენტებსა და კვლევებზე ხელმისაწვდომობა, პალიატიური სერვისები და ტკივილის მართვის გაიდლაინები, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის.
ძალიან ბევრი პაციენტი დავკარგეთ წინა წელს. 2024 წელს მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებით 5 700 ადამიანი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი დაგვპირდა, რომ გამოასწორებდა ყველაფერს. ონკოლოგიური დაავადება არის სიკვდილიანობის გამოწვევის მეორე მიზეზი საქართველოში. ამიტომ უნდა გატარდეს რეფორმა, ვითხოვთ მედიკამენტებს, კვლევებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიტანთ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის სახელზე და მოვითხოვთ ღია შეხვედრას ექსპერტების და მედიის ჩართულობით. ამ შეხვედრებზე იგივე არ უნდა განმეორდეს, რომ მხოლოდ დაპირებები გაიცეს და პაციენტებისთვის არაფერი არ გაკეთდეს“, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ.
„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, სამინისტროში შეხვედრის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.
სარჯველაძის თქმით, მათთან შესახვედრად სამინისტროს კარი ყოველთვის ღია და ამიტომ არ იცის, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ხმამაღლა იმის თქმა, რომ სამინისტროსთან შეხვედრის მოთხოვნა აქვთ.
„შეხვედრა არც არასდროს არც პრობლემაა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა ან არშეხვედრა. არ მგონია, რომ ჯერ ერთი, ონკოლოგიაა ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა აფიქსირონ, ეს ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით, ესეც უნდა ვთქვათ.
რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარს, ალბათ, უნდა ითქვას კონკრეტულად რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ იქნას მიღებული სწორი მიმართულებით. მე მგონია, რომ საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მე მგონია, რომ ამ კუთხით რიცხვები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თუკი რამდენიმე წლის წინ 50 მილიონს არ აჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ის თითქმის 300 მილიონს უტოლდება.
მე მგონია, რომ ეს თვალსაჩინოა საზოგადოებისთვის ისედაც და ასეთი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ცალკეულ გაუმჯობესებებს, ბუნებრივია, ამას მუდმივად ისედაც ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას ვაქცევთ“, – განაცხადა მ.
ფოტო: FB / თამუნა ილურიძე