ჯანდაცვის მინისტრი სკანდალში ეხვევა – ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს ყვირილსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
ადამიანები, რომლებიც თვეებია სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებსა და მკურნალობაზე დაწესებული ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ, “პირველებს” უყვებიან, რომ მინისტრი ყვირილის ფონზე მათ სთხოვდა, მისი კრიტიკა ტელევიზიებით შეწყვეტილიყო.
მძიმე სენით დაავადებულებს სურდათ, რომ სარჯველაძისგან კითხვებზე პასუხები მოესმინათ, თუმცა ინფორმაციის გაცვლის ნაცვლად, მინისტრი მათ უპირისპირდებოდა.
ხმაურიანი შეხვედრა სამინისტროში კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მეტიც, მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტებს ღიად უთხრა, რომ ძვირადღირებულ მედიკამენტებს საქართველოში ვერ შემოიტანენ. ამიტომ ონკოპაციენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი იქამდე გააგრძელონ, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული.
ძალიან დიდი ბოდიში ბატონო მიხეილ, რომ კიბო არის ისეთი დაავადება, რომელიც უცბად არ გვკლავს და გარკვეულ ეტაპებს გავდივართ, სანამ მივალთ სიკვდილამდე და თქვენ ამაში ხელს გვიწყობთ ძალიან კარგად თქვენი არასწორი დამოკიდებულებებით ჩვენ მიმართ, ყვირილით, ჩხუბით. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ამაზრზენი საქციელი. ეს იყო, ფაქტობრივად, გაჩუმება იმ ადამიანის, რომელსაც აინტერესებდა კითხვებზე პასუხი. კითხვა დავუსვი, ვუთხარი რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და თქვენ აქ იმისთვის ხართო, რომ ჩვენთან კონფრონტაციაში შემოხვიდეთ ჩვენთან და ამ თემას ნუ გააპოპულარულებთო. ანუ, ონკოპაციენტების თემა არ უნდა იყოს პოპულარული, ჩუმად უნდა მოვკვდეთ. ჩუმად თუ ვიქნებით, წამალს ვინ მოგვცემს, სერვისებს ვინ დაგვიფინანსებს, რა გაკეთდება”, – ამბობს ონკოპაციენტი.