ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტების საპასუხოდ, რომლებიც დღეს პარლამენტთან პროტესტით დახვდნენ, ამბობს, რომ “მათთვის სამინისტროს კარი არავის დაუხურავს”. სარჯველაძე ამბობს, რომ მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან არ შეუწყვეტია კომუნიკაცია ონკოპაციენტებთან.
“მათი უფლებაა, რა თქმა უნდა, ვისაც უნდა, იმ ფორმით აქცია გამართოს, მაგრამ, რეალურად, სამინისტროს კარი არავის დაუხურავს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმეს თქმა უნდათ ჩვენი სამინისტროსთვის […] ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან [დღემდე], არ შემიწყვეტია კომუნიკაცია იმ ხალხთან, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური დაავადების პრობლემები: მაქვს შეხვედრები, ვუყურებ ყველა წერილს, რომელიც შემოდის ამ მიმართულებით – არცერთი არ გამომიტოვებია. მაქვს მონდომება, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას,“ — თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრი გამოეხმაურა ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დასახელებულ პრობლემებს, კონკრეტულად, იმას, რომ სახელმწიფო არ აფინანსებს ყველა მედიკამენტს, რომელიც მათ სჭირდებათ, ასევე, მედიკამენტების დეფიციტის პრობლემას.
“ბუნებრივია, რომ ყველა ბრენდის, ყველა დასახელების მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამა [ვერ დააფინანსებს]. ეს არსად არ ხდება. მე, ყოველ შემთხვევაში, არ მსმენია და არ მაქვს ინფორმაცია, რომ ყოველგვარი ლიმიტაციის გარეშე ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს 263 მედიკამენტი, კონკრეტული დასახელების მედიკამენტი – ზოგიერთი ერთმანეთის ჩამნაცვლებელი. არ რჩება, პრაქტიკულად, ონკოლოგიური დაავადება, რომლის რელევანტური მედიკამენტი არ არის პროგრამით გათვალისწინებული.
პერიოდულად იქმნება ძალიან ხანმოკლე პერიოდის დეფიციტები, რაც გამომდინარეობს ლოჯისტიკური [მიზეზებით] – მარაგების შევსებით და ა.შ. ამ კუთხითაც ვმუშაობთ, როგორ დავძლიოთ ეს. თუმცა, ეს შეიძლება იყოს 263-დან 10 სახეობაზე. ამას არ ვამბობ თავის გასამართლებლად, ეს პრობლემაა და უნდა გადაიჭრას, რა თქმა უნდა, მაგრამ, მასშტაბები რომ ვინმემ იცოდეს და არავის ეგონოს, რომ დღეს საქართველოში არ არის სამკურნალო საშუალებები,“ — განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი.
მან დღეს პარლამენტში ანგარიში წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მას ონკოპაციენტები პროტესტით დახვდნენ.
ამავე თემაზე:
· ონკოპაციენტები მინისტრს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
· კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი