ჯანდაცვის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლა რთულდება

მცირე შესაძლებლობების მქონე კლინიკებს ჯანდაცვის ბაზარზე შესვლის საშუალება აღარ ექნებათ. ამას საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი ძირითადი სანებართვო მოთხოვნები წლების განმავლობაში მინიმალური იყო და სამედიცინო დაწესებულებები მათ მარტივად აკმაყოფილებდა. თუმცა, უკანასკნელ წლებში მოხდა ძირითადი სანებართვო მოთხოვნების ფუნდამენტური გადახედვა და გაძლიერება. ანალოგიურად, გადაიხედება და ცვლილებები შევა სანებართვო დანართების მოთხოვნებში, მოხდება მათი გაძლიერება ყველა კლინიკური მიმართულებით შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობით. შედეგად, ამაღლდება სამედიცინო სერვისების პროვაიდერების სტანდარტები
„ამაღლდება სამედიცინო სერვისების პროვაიდერების სტანდარტები და მოხდება ლიმიტირებული შესაძლებლობების მქონე დაწესებულებების ჯანდაცვის ბაზარზე შესვლის პრევენცია,“ – ნათქვამია სტრატეგიაში. დოკუმენტის თანახმად, გაძლიერდება ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ხელშეწყობით. აკრედიტაციის სტატუსი კი გათვალისწინებულ იქნება სელექტიური კონტრაქტირების კრიტერიუმებში.
სტრატეგიაშინ მოცემული მიზნების ნაწილი შესრულებულია ან შესრულების პროცესი დაწყებულია. ერთერთი სტანდარტი, რომელიც დოკუმენტშია გაწერილი, სელექტიური კონტრაქტირებაა. პირობები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე სახელმწიფო კლინიკას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ ჩართავს, გაზაფხულზე მომზადდება. მასში გათვალისწინებული იქნება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა რეჰოსპიტალიზაცია, პაციენტების გარდაცვალების და სხვა ინდიკატორები.
jandacva.ge