ჯანდაცვისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა – რა პრინციპებს დაეფუძნება ახალი მინისტრის ხედვა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი საკუთარ ხედვებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. დღეს, სამინისტროში, პირადად პრემიერმა წარადგინა. სამინისტროში მყოფ მინისტრს ჟურნალისტებმა არაერთი კითხვა დაუსვეს რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, იმაზე, თუ რას გეგმავს „დიარჯი“ სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიმართ კლინიკებისა და ექიმების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ზურაბ აზარაშვილის პოსტში მოყვანილი მოსაზრებებით, განსაკუთრებით ონკოლოგების მიერ „გაურკვეველი წარმოშობის“ მედიკამენტების გამოწერაზე, იმაზე, გაგრძელდება თუ არა დაგეგმილი ტემპებით რეფერენტული ფასების პოლიტიკა და კლინიკების რეგულაციები.
მინისტრს ამ საკითხებზე კონკრეტული პასუხები ჯერჯერობით არ აქვს და აცხადებს, რომ ხედვას უახლოეს მომავალში წარმოადგენს და წინასწარ რაიმე პოზიციების გაცხადება არ იქნება. თუმცა დაასახელა ზოგადი პრინციპი, რომელსაც, მისი თქმით, დაეფუძნება მომავალი გადაწყვეტილებები.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი იქნება აქტიური კონსულტაციები სამედიცინო საზოგადოებასთან, ყველა მოსაზრების მოსმენა და ამის მიხედვით საუკეთესო მოდელის შერჩევა, რომელიც ქვეყანას წაადგება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავარი განმსაზღვრელი არის პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა.მისი განმარტებით, ესაა ღერძი, რომელზეც ყველა გადაწყვეტილება დაშენდება.
კითხვაზე, გაცხდებული გეგმების მიხედვით გაგრძელდება თუ არა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების პოლიტიკა, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა, მოქალაქე უზრუნველყოფილი იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ჯანდაცვით, რაც გულისხმობს ფარმაცევტული პროდუქციის მეტ ხელმისაწვდომობასაც.
jandacva.ge