ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. უწყების ცნობით, შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს;
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის;
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, შეთავაზებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება ორშაბათს, 22 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო.
ექიმები კი ამას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კლინიკის დანგრევაზე გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნისა და მათი ჩართულობის გარეშე მიიღეს. ექიმებს ეჭვი აქვთ , რომ სახელმწიფოს მხოლოდ კლინიკის ტერიტორია სჭირდება და იქ საავადმყოფო არ აშენდება.
[ფოტო: რადიო თავისუფლება]