უახლოესი, ყველაზე საყვარელი მეგობრები მეუბნებიან, რომ ძალიან ცუდად ჩანს ჩემგან პოლიტიკაზე ამდენი ლაპარაკი და წერა. რომ გავგიჟდი. რომ საშიშია და არასწორია ეს პოზიცია, რაზეც ვდგავარ. რომ გამანადგურებენ „ახალგაზრდები” და „ახალგაზრდული” ნაც-ტელევიზიები, – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, დირიჟორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.
“შეიძლება, მე ვცდები „ქართული ოცნების” შეფასებისას, შეიძლება არა. მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ნაცების შეფასებაში არ ვცდები. ეს არის სისტემური დანაშაულის შემქმნელი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ დაისაჯა. და დღეს ვხედავ, რომ ეს ბოროტება სიკეთის ნიღაბით შეიმოსა, იფარებს გულწრფელ ემოციებს და კვლავ ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
კოლექტიური ლაშა ბუღაძეები და ნიკა გვარამიები ცდილობენ რომ საბოლოოდ დაამარცხონ განსხვავებული აზრი.
ნიკა გვარამიას და ლევან ხაბეიშვილს მიჰყვებიან ადამიანები პარლამენტიდან კანცელარიისაკენ, სისხლის დასაღვრელად და რევოლუციის მოსაწყობად. ელენე ხოშტარიასა და ნინო ლომჯარიას, ნაცი ჯაფარიძის გვერდით დგანან. და რომ ეუბნები – აი ეგენი ნაცები არიან და მათ გვერდით რატომ დგახარო, შენ გიჟად გაცხადებენ და რუსსა და პუტინის მონას გიწოდებენ.
თუკი მათგან განსხვავებული მოსაზრება გაქვს, თუკი მათი მედია-მეინსტრიმის, მათი პროპაგანდის, მათი იდეოლოგიის ნორმებში და სტანდარტებში არ ჯდები,
რადიკალურად გაბულინგებენ, გჩაგრავენ, გლანძღავენ, დემონიზებასა და სტიგმატიზებას ეწევიან შენსას. ადრე უმცირესობა იყვნენ. ეხლა მოიმატეს რაოდენობაში.
ადრე ერიდებოდნენ მაინც ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩისა და ლევან ხაბეიშვილის გვერდში დგომას და მათ კვალში სირბილს (მახსოვს, 2019-ში გიგი უგულავა რომ ავიდა სიტყვის სათქმელად სცენაზე, გააჩუმეს, რაღაცეები ესროლეს და დაბლა ჩამოაგდეს). დღეს აღარ ერიდებიან იმის დამალვას, რომ ნაცების გვერდით დგომა პრობლემა არაა.
(რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია – ნიურნბერგის პროცესი არ მოაწყვეს და დღეს გებელსი-გვარამია და ჰიმლერი-ხოშტარიები პროტესტის სახეები არიან და მათ სათავეში დგანან).
თუკი არ ფიქრობ ისე, როგორც ისინი ფიქრობენ, შენ ხარ რუსი, პუტინი და კოლაბორაციონისტი/
(თვითონ მშვიდად იღებენ დაფინანსებას როგორც „კოლაბორაციონისტი” ხელისუფლებისაგან, ისე კეზერაშვილ-ნაყოფიებისაგან).
შენ გეჩხუბებიან – რადიკალი და კატეგორიული რატომ ხარო, რატომ არ უშვებ რომ სცდებიო. და თვითონ, ამ დროს, აბსოლუტურად შეუმცდარად მიაჩნიათ თავიანთი თავი და პოზიცია.
ადრე თუ მხოლოდ ნაცების ტელევიზია ყვიროდა – ჩვენი დამარცხებით რუსეთმა გაიმარჯვაო, დღეს სრულიად “ლიბერალური” და “პრო-ევროპული” მოძრაობა გაჰყვირის – რუსები ხართო (ქართველთა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უყვირიან ამას და მათ ამომრჩევლებს), და თქვენ უნდა დამარცხდეთ და ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ლევან ხაბეიშვილი და ვაშაძე უნდა მოვიდნენ კოალიციური მთავრობითო (ლეღვის ფოთოლივით აფარებული არა-ნაცური “ლელოთი”).
დაგამთავრებთო. გაგყრითო.
ერთობა გვინდაო, თქვენს გარეშეო, ეკლესიის გარეშეო, რობერტ სტურუას, ანზორ ერქომაიშვილის, ნონა გაფრინდაშვილის, თემურ ჩხეიძის და სხვა მათ-ნაირების გარეშეო, თუ მხარს არ დაგვიჭერენ – ხვიჩა კვარაცხელიასა და ლაშა ტალახაძის გარეშეო…
ყველგან ეგენი არიან – ფესტივალზე არ დაგიძახებენ, ორკესტრთან არ მიგიშვებენ, ეკრანზე არ გამოგაჩენენ და თან გაჰყვირიან „არა პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩაგვრასო”…
ამ „გამჭვირვალობის კანონში”, შარშანაც, წელსაც თავიდანვე, ძალიან ბევრჯერ ვთქვი – არ მომწონს ტერმინოლოგია, სჯობს ჩანაცვლდეს „უცხო ქვეყნის ბენეფიციარით“, „საზღვარგარეთული დაფინანსების მიმღებით“… რომ ნეიტრალური და სიკეთის მკეთებელი ხალხი არ განაწყენდეს და არ გაღიზიანდეს…
იმ მეორე კანონ-პროექტში, სასტიკად მიუღებელია მე-6-ე მუხლი, სადაც, პრაქტიკულად ცენზურის შემოღებაზეა ლაპარაკი.
მაგრამ, კანონ-შემოქმედების, დიალოგის, თუნდაც მწვავე დიალოგის ნაცვლად, ეგრევე რევოლუციის მოწყობაზე მიდიან.
ბევრჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა – ხან ბაჩალიაშვილი, ხან ვიღაცეების მოკლული ბიჭების მკვლელობის დაბრალება ივანიშვილის ოჯახზე, ხან გავრილოვი…
არც ერთხელ არ გამოუვიდათ.
და ნელ-ნელა მოხდა ის, რომ ჩემთვის პატივსაცემ ან საყვარელ რეჟისორს, მომღერალს, მსახიობს, დირიჟორს აღარ სრცხვენია ნიკა გვარამიასა და ელენე ხოშტარიას გვერდით დგომა.
ნელ-ნელა ნაცობა და ნაცისტობა სირცხვილად კი არა, cool-ობად, “სვეტობად” იქცა. ქალაქის გლამურული ელიტა, ძველი ინტელიგენციის უხვად შებათქაშებული ქალოურნი, თანამედროვა რეივერი ბომონდელები ძაან მოხდენილად ყელყელაობენ ეკა კვესიტაძის, ნოდარ მელაძის ტელევიზიის ასკარიდა ჟურნალისტების გვერდით.
რაც არ უნდა არ მომწონდეს ამ ხელისუფლების, არასდროს, არასდროს არ დავდგები გებელსის გვერდით.
და ყველას გეუბნებით, ვისაც არ გრცხვენიათ ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას თანამებრძოლობა და თანამოაზრეობა – შეიძლება თქვენ ურცხვად დაივიწყეთ და მალავთ, მაგრამ, ეგ ყორნები არ გათეთრებულან, არ გაანგელოზებულან ეგ ჭინკები და ეშმაკები.
არ შეიძლება გებელსის, ჰიმლერისა და დოქტორ მენგელეების გვერდით დგომა! ფაშისტებთან, ნაცისტებთან ერთად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა უზნეობაა, ფარსია, ტყუილია, დამარცხებისთვისაა განწირული!
ვინც ავტორიტარიზმს, დიქტატურას, პუტინიზმს ებრძვის, შეუძლებელია ის ნაცების თანამოაზრე იყოს.
მერე რა, რომ კასრების კადრები განადგურდა (და გერმანელებივით თაობებს არ აყურებინა ამ სულელმა მთავრობამ ციხეებსა და ბანაკებში ჩადენილი წამებებისა და გაუპატიურებების კადრები)? აღარაა დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა?
ნაცების დროს “მხედრიონის” აღდგენას მოინდომებდით? არა!
მაშ, ეხლა რატომ დგახართ ნამდვილი ბოროტმოქმედების, ნამდვილი დამნაშავეების გვერდით?
რატომ წახვედით მორალურ კომპრომისზე და იმავდროულად როგორ ამუნათებთ და აბულინგებთ ხალხს მაგავე ბრალდებით?
შეიძლება ლაშა ბუღაძის გვერდით იდგე და კორუფციას და ბოროტებას აპროტესტებდე?
კეზერაშვილის ფულს იღებენ ოფიციალურად, არც მალავენ, ამაყობენ.
და მაგ ხალხთან ერთად იბრძვით ევროპისათვის?
რაა ევროპა? რომ სააკაშვილი გამოუშვან? რომ უდანაშაულოდ აღიარონ მონსტრი?
ამაზე მიპასუხებს რომელიმე ჩემი ნაცი მეგობარი გულჩვილად – რაა, ეგ ზიზღი და სიძულვილიო.
და ამ დროს, თვითონ როგორ გძულთ და გეზიზღებათ ივანიშვილი? პატრიარქი? რობერტ სტურუა? თემურ ჩხეიძე? ანზორ ერქომაიშვილი? და რამდენი სხვა?
მედია-რეალობა იქცა რეალობად.
აგრესიული და პასსიონარული უმცირესობა ჩაგრავს უმრავლესობას.
მეც ამ წამს ჩაგვრის მსხვერპლი ვარ. თუმცა, არ ვყვირივარ ხმამაღლა ამაზე… ჩემი სატკივარი ჯანდაბას…
ამდენი მტერი შიგნიდან და გარედან, ერთად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრას.
პუტინი არ გვყოფნიდა და დღეს მოსყიდული ევროპელი და ამერიკელი დეპუტატები თუ კონგრესმენები ითხოვენ – გამოუშვით სააკაშვილი, დემოკრატიის შუქურა ციხიდან და დაასანქცირეთ ივანიშვილი, დაჩაგრეთ ქართველი ხალხი და შეუწყვიტეთ მათ უვიზო მიმოსვლა ევროპაში და ევრო-ინტეგრაციის პროცესიო.
ნიკა გვარამიამ, ქეთინო რიფენშტალ-დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ, ნოდარ მელაძემ და მათმა ტელევიზიებმა ნაცური მოდელირებული რეალობა ნამდვილ რეალობად აქციეს.
საერთოდ არ ვამართლებ ხელისუფლებას!
მათი ბრალია ეს ყველაფერი!
და ეხლაც, ისინი უნდა წავიდნენ კომპრომისზე. არა დათმობაზე, არა ყველაფრის დათმობაზე, მაგრამ, ზოგიერთ კომპრომისზე (ამ კანონ-პროექტებში, ტერმინოლოგია და ცენზურის მომენტები უნდა შეიცვალოს, ჩემი აზრით).
მაგრამ, როგორ შეიძლება, სიკეთეზე ღაღადებდე, მღეროდე, დირიჟორობდე, წერდე, რეჟისორობდე ან თამაშობდე ხელოვანი და თავად იყო სისასტიკის, განსხვავებულთა მიუღებლობის, რეპრესიების, ბულინგისა და სტიგმატიზების მოთავე?
რობერტ სტურუას როგორც ექცევით ეს წლებია, პაწაწინა თეატრალებო, ისე ექცევით ეხლა მთელ ქვეყანას. თქვენს სამშობლოს, თქვენს თანამოქალაქეებს.
რა არის სამოქალაქო საზოგადოება? რა არის სიკეთეზე დაფუძნებული საზოგადოება?
ნაცისტურად რომ ექცევით მათ, ვინც თავის დროზე თქვენ, ნაცისტებს არ მოგექცათ, როგორც იმსახურებდით, ესაა ევროპელობა?
ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ისტერიკაში ხარო, გიჟის სახელი გაქვს უკვეო. გაჩუმდიო.
გავჩუმდე და უნდა ილარაკონ მხოლოდ ნაცებმა 🙂
და ბოროტება სიკეთედ წარმოაჩინონ და სიკეთე ბოროტებად…
ამის წინაც დაწერა ერთმა, რელიგია რუსეთის ხელში რბილი ძალააო, და სწორია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯებაო. ამ დროს, 2 წლის უკან, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მიტროპოლიტთან დარბოდა სტიქრით და ფოტოებს იღებდა სინზე დადებულ მის გვირგვინთან.
აი ეგრე ხართ ყველაფერში მართლები! როცა გაწყობთ და გჭირდებათ – ეკლესიური სტიქაროსნები ხართ, როცა არა – რებელა აგნოსტიკოსები და მოჯანყე ანტი-კლერიკალები. როცა გაწყობთ, თეა წულუკიანს ეხუტებით, ეხვეწებით, კულუარულად იხმარებთ თქვენი პრობლემების მოგვარებაში, კალაძისაგან დაფინანსებებს მოიპოვებთ, მაგრამ, როცა გაწყობთ – მათ კოლაბორაციონისტებს უწოდებთ და ფაშისტებს – და არც კი გრცხვენიათ, რომ კოლაბორაციონისტ მთავრობასთან კოლაბორანტობთ…
როცა გაწყობდათ – სალომე ზურაბიშვილის გინებას ტაშს უკრავდით ისტერიული და გიჟი გვარამიასგან, და დღეს – ხელებს უკოცნით. როცა გინდათ, ქალების ჩაგვრის მოწინააღმდეგეები ხართ, მაგრამ, ეს ხელს არ გიშლით, იგივე წულუკიანი ყველაზე საზარელი სიტყვებით აბულინგოთ – გარეგნობით დაწყებული, რას არ უგინებთ მას და სხვა ქალებს… თინა ბოკუჩავასა და სალომე სამადაშვილის, კიდევ სხვა იმ მყვირალა ქალების კრიტიკა და ბულინგი დიდი დანაშაულია, მაგრამ, რიმა ბერაძის ან ნინო წილოსანის ბულინგი cool-ობა და ევროპელობა და სვეტობაა… ნიკა გვარამიას კანონიერი სასჯელით დასჯა რეპრესია იყო, მაგრამ, “იმედის” და პირველი არხის ჟურნალისტებზე ძალადობა შეიძლება…
გვარამიას რეალობაში ვცხოვრობთ. გვარამიას და სააკაშვილის მარიონეტები ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთსა და პუტინს ვემსახურებით. აღქმამ, პროპაგანდამ გადაფარა ფაქტები და სინამდვილე.
კოლექტიური სიგიჟე, კოლექტიური ისტერია, კოლექტიური არაცნობიერის ბნელი მხარეების ბორგვა… მალე ქუჩებში ანგარიშსწორებები და ჩაქოლვები დაიწყება. პრინციპში, რამდენიმე წელია, რობერტ სტურუაზე იმეცადინეს უკვე, მისმა ახალგაზრდა, “ჰუმანისტმა” და არც თუ ისე ნიჭიერმა კოლეგებმა.
ბოროტება და სიძულვილი, რადიკალიზმი და კატეგორიულობა, ისტერიკა და ღვარძლი მეფობს. და ამ ყველაფრის დამთესავნი, აქეთ გვაბრალებენ ამ ყველაფერს.
ესე ხდება – როდესაც ბოროტებას არ დასჯი, როდესაც მას თავის ადგილს არ მიუჩენ, როდესაც არ აკრძალავ სისტემური დანაშაულის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას, არ აუკრძალავ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს პოლიტიკასა და მედიაში ყოფნას (როგორც გერმანიაში ფაშისტებს, ან პოლონეთსა და ბალტიისპირეთში კომუნისტებს), მერე ეს ბოროტება გაძლიერდება, და კვლავ შეეცდება გაბატონდეს.
ვიმეორებ – ხელისუფლების მინუსებს, შეცდომებს, ნაკლოვანებებს, დანაშაულებს ეს არ ამართლებს არანაირად. მათ დღესაც კომპრომისი უნდა მოძებნონ – ორივე კანონ-პროექტში უნდა შეცვალონ სადავო მონაკვეთები – ტერმინოლოგიისაც და ხელოვნების და მეცნიერების ცენზურისაც.
მაგრამ, ამეებს მე არასდროს გავაპროტესტებ ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, გირჩების, ვაშაძეების, თაკო ჩარკვიანებისა და ლევან ხაბეიშვილების გვერდით!
დღემდე მიყვარს ადამიანურად ბევრი ნაცი. ვისაც მეგობრობა შეუძლია, მათთან ვმეგობრობ, ვძმაკაცობ.
უზომოდ მიყვარს ედუარდ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი. ისინი გამორჩეულად კარგი ადამიანები არიან. ედუჩა სინათლის, სიკეთისა და ადამიანობის ნამდვილი მწვერვალი და მაგალითია.
განსხვავებულ აზრთა პოლიფონია კარგია და ერთადერთი ალტერნატივაა ჩვენთვის.
მაგრამ, ბოროტების გვერდით დგომა, არც ერთი მიზეზით არ შეიძლება!
ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის სადაქალოს მოწყობილი “ახალგაზრდული მოძრაობის” არ მწამს. მათი აგრესიის და კოლექტიური ბულინგის არ მეშინია!
კი, რომელიღაცა ნაცი ორკესტრთან არ მიმიშვებს წლების მანძილზე. მეორე ნაცი -დარბაზში არ შეგვიშვებს სამღერად. სხვა ნაცი – ტელე-ეთერში არ დაგვიძახებს, კიდევ სხვა ნაცი – ფესტივალში და უცხოელ კოლეგებთან კონტაქტში შეგვიშლის ხელს.
ეს მათი ხელწერაა, ისინი ბო₾შევიკები და ნაცისტები არიან და მათგან განსხვავებულებს ასე ანადგურებენ, თან ამუნათებენ – განსხვავებულები რატომ არ გიყვართო.
არაფრის არ მეშინია. რადგანაც, გულწრფელი ვარ და გულწრფელად ვდგავარ სიკეთის მხარეს, ხელოვნების მხარეს, ჰუმანიზმის მხარეს.
არასდროს დავდგები ბოროტების მხარეს, არასდროს. რაც არ უნდა მოზეიმე, უტიფარი ბობოქრობით და დიდი მასშტაბებით მოქმედებდეს ის.
კი. არ უნდა ვწერდე და ვფიქრობდე და ვსაუბრობდე ამდენს პოლიტიკაზე.
ბოროტებას ხელოვნებით უნდა ვუპასუხოთ და სიყვარულით უნდა გადავუხადოთ სამაგიერო, როგორც გენიალური ფარაჯანოვი ამბობს.
ასე იქცევა რობერტ სტურუა. ასე იცხოვრეს თემურ ჩხეიძემ და ანზორ ერქომაიშვილმა, გია ყანჩელმა, სოსო კეჭაყმაძემ, ოთარ ჭილაძემ, გურამ დოჩანაშვილმა…
ხელოვნება და მშვენიერება გაიმარჯვებენ ნიკა გვარამიებსა და ხოშტარია-ლომჯარიებზე… ამ კარიკატურულ გებელსებზე“, – წერს ჯანგულაშვილი