ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ადვოკატი ამბობს, რომ დავით მიქაძე მას მკვლელობით დაემუქრა. დავით მიქაძე ამავე საქმის ფარგლებშია ბრალდებული – გამოძიების ვერსიით სწორედ მან და მისმა ძმამ, გიორგი მიქაძემ შეუკვეთეს ჯანგველაძის მკვლელობა. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძე კი ქვეყანაში არ იმყოფებდა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე ამბობს, რომ მასზე მუქარის ფაქტზე უკვე მიმართა პოლიციას და გამოიკითხა კიდეც.
“მოვიდა ჩემი მეგობარი, რომლის დაცვასაც ადრე ვახორციელებდი და მითხრა, რომ ჩემთან ჰქონდა საქმე […] მას ახლდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც დაყოვნების შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან შავი პირბადით და მეუბნება ასეთ რამეს, დათუნას უნდა შენთან საუბარი. როდესაც ვკითხე “ვინ დათუნას?”, მეუბნება რომ მიქაძეს […] მაწვდის ერთ-ერთ ტელეფონს, მეუბნება, რომ უსაფრთხოა, ვეუბნები რომ “გისმენთ”, იქიდან ცოტა ისეთი, ბოხი, “ბლატნოი” ხმით მეუბნება, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. ისმის ვიღაც ადამიანის ხმაც და “ეს უნდა დავბრიდო”. ჩემთვის ეს იყო შოკისმომგვრელი”, – ამბობს ადვოკატი ბარდაველიძე.
მან TV პირველს უთხრა, რომ აღარ გააგრძელებს სანდრო წივწივაძის ინტერესების დაცვას.
წივწივაძე მკვლელობიდან დაახლოებით ორ თვეში, 2025 წლის მაისში დააკავეს. ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ის შესაძლოა კავშირში იყოს მკვლელობის იარაღთან.
წივწივაძისა და ძმები მიქაძეების გარდა, ამავე საქმეზე ბრალდებულია გელა უძილაური – პიროვნება, ვისაც გამოძიება მკვლელობის ჩადენას ედავება; ასევე, მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან; გიორგი კაჭკაჭიშვილი და გიორგი ჯოხაძე. ამ უკანასკნელს, დავით მიქაძის მსგავსად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული – მან ქვეყანა დატოვა.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
ლევან ჯანგველაძე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
ამავე თემაზე:
· მთაწმინდაზე გიორგი მიქაძე დააკავეს
· ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს — შსს
· წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს
