ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. გარდა ამისა, კიდევ ერთი მუხლით წარუდგინეს ბრალი დავით მიქაძეს, რომელსაც პროკურატურა ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
პროკურატურა მათ ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე -5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 16 სექტემბერს, ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილმა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა, რომ დავით მიქაძე მკვლელობით დაემუქრა. მან პოლიციას მიმართა და გუშინვე გამოიკითხა.




