ჯანგველაძის მკვლელობა „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ფარცხალაძეს და მიქაძეებს შეუკვეთა – დეტექტივი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოფიციალურად გაჟღერდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გვარი.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ
ე.წ. კანონიერი ქურდის „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა, ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა.
დეტექტივმა აღნიშნა, რომ ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევან ჯანგველაძის ძმა „კანონიერი ქურდია“.
„ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშვილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ (რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა) და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა. ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის „დედ ჰასანის“ შვილიშვილი.
ოპერატიული ინფორმაციით, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე „თბილისი ტაუერთან“ შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა“, — განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაყენებული არ აქვს.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე არაერთი პირია დაკავებული. პროკურატურა უშუალოდ მკვლელობას ედავება გელა უძილაურს, მკვლელობის შეკვეთას კი ძმებს – დავით და გიორგი მიქაძეებს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და იძებნება. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ამავე საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესაც. გარდა ამისა, დაკავებულია მამუკა ბაღდავაძე რომელსაც დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალდებულთა შორის არიან გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძეც და მიქაძის დაცვის წევრს, ლაშა მაისურაძეს, დავით მიქაძის დაცვის წევრს, ადვოკატის მიმართ შესაძლო ჯგუფური მუქარის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.