ჯანგველაძის მკვლელობა: დავით მიქაძე ბრალს „აბსურდულს“ უწოდებს – „ამ ვითარებაში ჩამოსვლას არ ვაპირებ“

„კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებული პირი, დავით (დათუნა) მიქაძე მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში უარყოფს ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან კავშირს.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელევიზიო ინტერვიუში, – რომელიც დღეს საღამოს, 28 სექტემბერს გავითა ეთერში, – დავით მიქაძე აცხადებს:
„ბრალი არის აბსურდული. ლევან ჯანგველაძესთან არანაირი ბიზნესი არ მქონია საერთოდ. არც საერთო ინტერესები და არც დაპირისპირება. რომ გაეცნობით [საქმეს], ნახავთ, რომ ამ მოტივით არის ბრალში მითითებული, თუ რატომ „დავაორგანიზეთ“ ეს თემა. კატეგორიულად უარვყოფ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბრალი აგებულია ცილისწამებასა და ტყუილზე“.
„სულ მოგონილია, რასაც ლაპარაკობენ. ეს არის ვიღაცა პოლიციელის გაცხადებული ინფორმაცია, რაც არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება“, – ამბობს ის, სავარაუდოდ, დეტექტივ რობიკო გოგიაშვილის ჩვენებაზე, რომელიც „წყაროზე დაყრდნობით“ აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ჯანგველაძის მკვლელობა 2013 წელს მოსკოვში მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა დაუკვეთა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობას, ამბობს, რომ ის „გახსნილია“, თუმცა ამბობს, რომ „ტყვეობას“ არ აპირებს.
„ამ ვითარებაში ჩამოსვლას არ ვაპირებ, მაგრამ დამალვით არსად არ ვიმალები. ამის დასტურად ინტერვიუს გაძლევთ და მზად ვარ გამოძიებასთან ნებისმიერ თემაზე ვითანამშრომლო“, – ამბობს მიქაძე, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაშია.
პროკურატურამ მასზე (ასევე, გიორგი ჯოხაძეზე) ძებნა 2025 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა. მისი ძმა, გიორგი მიქაძე დაპატიმრებულია, – რამდენიმე ადამიანთან ერთად.
ოთარ ფარცხალაძის გვარი საქმეში
ძმები მიქაძეები ყოფილი გენერალური პროკურორის, -ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის გარემოცვლის წევრები არიან.
2025 წლის 24 სექტემბერს ბრალდების მხარემ პირველად დაასახელა ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე, როგორც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სქემაში ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი.
დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, ფარცხალაძეს, თავის მხრივ, 2013 წელს მოსკოვში მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა დაუკვეთა მკვლელობა.
დეტექტივმა ამ ინფორმაციის წყაროდ „ოპერატიული ინფორმაცია“ დაასახელა ისე, რომ ინფორმატორის ვინაობა არ დაუსახელებია, – რის გამოც ამ ჩვენებას დაცვის მხარის ადვოკატები არასარწმუნოდ მიიჩნევენ.
დეტექტივის ჩვენების თანახმად, – რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ და „ტვ პირველმა“ გაავრცელეს, – „წყაროსგან“ მიიღო ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან.
მისი თქმით, წყაროს ცნობითვე, ეს დაძაბულობა ბიზნესს, კერძოდ კი „სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს“ ეხებოდა.
„ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია“, – თქვა, „წყაროს“ ციტირებით, დეტექტივმა.
ვინ ვინ არის
ასევე თქვა, რომ შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი.
კერძოდ, ამ ვერსიით, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა, ირაკლი უსოიანმა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.
· „დედ ჰასანის“ სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, 75 წლის ასლან უსოიანი 2013 წლის იანვარში მოსკოვში მოკლეს. ის საქართველოში დაბადებული ქურთი იეზიდი იყო და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რუსეთში მოქმედ ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ კლანს;
· ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ; აშშ-მა მას სანქციები დაუწესა „ეფესბესთან“ კავშირების მითითებით, საქართველოზე „ს მანკიერი ზეგავლენის“ გამო.
· ძმები, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეები არიან ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ წილებს არაერთ ბიზნესს საქართველოში; გიორგი მიქაძე დაკავებამდე ასევე იყო „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – ემ|გრუპის“ (ფლობს არაერთ რესტორანს) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
„კილერს ჰპირდებოდნენ, დიდხანს არ იჯდებოდა“
გამომძიებლის თანახმადვე, უსოიანის შეკვეთის შემდეგ შეირჩა „კილერი“: გელა უძილაური, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო. უძილაური პირველია, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს და სწორედ მის სასამართლოზე მისცა დეტექტივმა ეს ჩვენება.
ამავე ვერსიით, „კვალის არევის მიზნით“, გელა უძილაური საბერძნეთში გაუშვეს, რათა „ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო“.
„შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე „თბილისი ტაუერთან“ შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა“,- განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.