ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
გელა უძილაურმა დასკვნითი სიტყვისას გაიმეორა თავდაპირველი ჩვენება, რომ ლევან ჯანგველაძის მიმართ პირადი ანგარიშსწორებით, დაუგეგმავად იმოქმედა და მკვლელობა არავის შეუკვეთია.
ჯანგველაძის ოჯახი კი მკვლელობის შემკვეთად ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე არაერთი პირია დაკავებული. პროკურატურა უშუალოდ მკვლელობას ედავებოდა გელა უძილაურს, მკვლელობის შეკვეთას კი, ძმებს – დავით და გიორგი მიქაძეებს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და იძებნება. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ამავე საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესაც. გარდა ამისა, დაკავებულია მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალდებულთა შორის არიან გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძეც და მიქაძის დაცვის წევრი ლაშა მაისურაძე. დავით მიქაძის დაცვის წევრს ადვოკატის მიმართ შესაძლო ჯგუფური მუქარის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოფიციალურად გახმიანდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გვარიც.
დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც შეეხებოდა სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს.




