„დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას დაუთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი“ – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ახალ ინიციატივაზე, რომ ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსის გავლა.
14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ. „ბათუმელები“ სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა სიმონ ჯანაშიას.
- ბატონო სიმონ, „ოცნების“ ხელისუფლების ეს განცხადება იმას ხომ არ ჰგავს, ადრე რომ ირწმუნებოდნენ, „დედა ენა“ ჩვენ დავაბრუნეთ სკოლებშიო. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ინიციატივაზე?
ეს სპექტაკლი ნანახი გვაქვს ბევრჯერ. დაახლოებით 6 წლის წინ, მოიფიქრეს, რომ თითქოს აბრუნებდნენ „დედა ენას“ სკოლაში, რომელსაც დასაბრუნებელი არაფერი ჰქონდა, ისედაც დაბრუნებული იყო და ისწავლებოდა სკოლებში.
რამდენიმე წლის წინ გამოიგონეს, რომ თითქოს საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა სკოლებში და ისიც „დააბრუნეს“ და ახლა უნდათ, რომ დაავალდებულონ უნივერსიტეტები, ისწავლებოდეს ქართული ენა.
და სპექტაკლი რატომ არის? – იმიტომ, რომ როდესაც მსგავსი პოლიტიკის შემოღება ხდება, პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ვალდებულნი არიან, დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება, რაღაც პრობლემიდან გამომდინარე.
პრობლემა უნდა იყოს, მაგალითად, ის, რომ უნივერსიტეტში სტუდენტები ვერ სწავლობენ კარგად, რადგან არ იციან ქართული ენა, ან უნივერსიტეტს ამთავრებენ ისე, რომ ქართული არ იციან და უნდათ, რომ ასწავლონ ქართული, ან კიდევ რაღაც სხვა მიზეზი.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უნდათ, რომ ქართული ენა შემოიღონ ყველა უნივერსიტეტში სავალდებულოდ, არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო ოდესღაც – ესაა არგუმენტი.
და ეს არ არის დასაბუთება.
- ის, რომ წლების წინ ისწავლებოდა ყველა პროგრამაზეო, ტყუიან?
რა თქმა უნდა, ტყუილია.
ჯერ ერთი, საქართველოში არსებობდა 200-ზე მეტი უნივერსიტეტი 2004 წლამდე და ეს უნივერსიტეტები იყვნენ თავისუფალი იმაში, თუ რას როგორ ასწავლიდნენ. არ არსებობდა არც ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, არც აკრედიტაციის სისტემა, არც ავტორიზაციის სისტემა. ანუ რეალურად, რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ ეს უნივერსიტეტები.
განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტები.
ახლა უნდათ, ყველა დაავალდებულონ, კერძოც და სახელმწიფოც, რომ კონკრეტული საგანი ისწავლებოდეს.
გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური პოპულიზმი, მეორე მიზეზი ასეთი გადაწყვეტილების არის ხოლმე კონკრეტული ჯგუფების ლობირება.
- ვინ შეიძლება იყვნენ ეს ჯგუფები ამ შემთხვევაში. უბრალოდ, დასაქმება უნდათ ვიღაცების?
რა თქმა უნდა. ესენი არიან ის ფილოლოგები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ და ახლა ეძებენ გამორჩენას, რადგან ისინი არიან ჩუმად ან ჩართულნი არიან პოლიტიკურ საქმიანობაში, ახლა უნდათ, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღონ სარგებელი.
შევხედოთ ვინ არიან ეს ფილოლოგები – თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, რომელიც ახლა ენის პალატის თავმჯდომარეა, ვასიკო მაღლაფერიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეა, გოგი გოგოლაშვილი, რომელსაც არც ერთი სიტყვა არ დასცდენია კრიტიკული ამ მთავრობაზე და სხვები, ვინც დღეს არ იღებს ხმას იმაზე, რომ მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არის დაპატიმრებული მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც თქვა და არა იმიტომ, რომ რაღაც ჩაიდინა.
ან ის ფილოლოგები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ რეპრესიულ სისტემაში.
საინტერესოა ის, რომ ეს ტყუილი, რომ ქართული ენის სწავლება ადრე თურმე იყო ყველა მიმართულებაზე, თქვა („ოცნების“ პარლამენტის) განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში და როდესაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ ტყუილზე აფუძნებს თავის რიტორიკას თუ გადაწყვეტილებებს, არა მხოლოდ ეს, საერთოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა ანდოს მას საზოგადოებამ.
მით უმეტეს, როცა ეს ეხება ენის დაცვას.
14 აპრილს გამოჩნდა ისიც, რომ არის ქართული საზოგადოება, რომელსაც ახსოვს ეს დღე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქართული ენის დაცვას და ამ დღეს აღნიშნავს მსვლელობით, რომელიც იმეორებდა 1978 წლის 14 აპრილის მსვლელობას, როცა სტუდენტები საბჭოთა რეჟიმისგან ქართული ენის დასაცავად გამოვიდნენ ქუჩაში.
და არის მეორე ჯგუფი, რომელიც ჩაკეტილია რაღაც დარბაზში, მაინც და მაინც არც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და არის კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებული ნომენკლატურა.
იმ დარბაზში შეკრებილი იყო ის ხალხი, ვისაც დაავალეს, რომ იქ უნდა მისულიყო.
ესენი იყვნენ „ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წევრები, პარტიის მუშაკები, რომლებიც თან ვითომ არიან მეცნიერები, ფილოლოგები და სხვა.