„ვიზის მოსაძიებლად დრო რომ დამეკარგა, ვინ იცის, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი. ამიტომაც ძალიან ვნერვიულობ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საქართველოსთვის“ – ამბობს ემიგრანტი ქალი, ნინო ბრუნჯაძე ავსტრიიდან.
მან ოჯახთან ერთად საქართველო 2018 წელს დატოვა.
როგორც თავად ყვება, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისისთვის მიიღეს:
„სრულიად ჯანმრთელ ბავშვს უცებ დაეწყო ჩივილები. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩავუტარეთ, შედეგების მიხედვით ძალიან არეული იყო სისხლის მაჩვენებლები. ვერ გაიგეს რასთან ჰქონდათ საქმე. ბავშვი თბილისში გადავიყვანეთ, იაშვილის კლინიკაში ვიწექით 21 დღე. ვერც იქ მოხერხდა ზუსტი დიაგნოზის დასმა. ანალიზი სხვადასხვა ლაბორატორიებში გაიგზავნა. ყველა მხრიდან მოვიდა პასუხი, თითქოს სრულიად ჯანმრთელი იყო ბავშვი. ამიტომ გადავწყვიტეთ თურქეთში გადაყვანა. ვიდრე გადავიდოდით თბილისის ერთ-ერთი კლინიკა დაგვთანხმდა ბავშვის მიღებაზე, მაგრამ დიდი თანხა იყო შესატანი“.
ნინო ყვება, რომ მის შვილს თურქეთში სამკურნალოდ თანხა საზოგადოებამ შეუგროვა, რისთვისაც დღესაც მადლიერია და წლების შემდეგაც ამას ემოციურად იხსენებს:
„ქართველი ხალხის ძალას და თანადგომას ვერ დავივიწყებ. იმ მომენტში სრულიად საქართველო გაერთიანდა ჩვენთვის, სულ რაღაც ორ-სამ დღეში თანხა შეგვიგროვეს. თურქეთში დაგვისვეს დიაგნოზი. მარტივად რომ ვთქვათ, პრობლემა არის ასეთი – ბავშვის ორგანიზმი, ნაცვლად იმისა, რომ გამოყოს კარგი ანტისხეულები, გამოყოფს დიდი რაოდენობით ცუდ ანტისხეულებს, საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს. მკვლელი დაავადებაა, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში პირველი დარტყმა ხდება თირკმელზე და მიდის ზევით.
ჩვენ დროულად მოვახერხეთ ბავშვის თურქეთში გადაყვანა, სადაც დასვეს დიაგნოზი. სამწუხაროდ, ძალიან ძვირადღირებული წამლები დაგვჭირდა. ერთი ამპულა ღირდა 5000 ევრო, თანაც არ ჰყოფნიდა, რადგან ეს ამპულა განკუთვნილია 15 კილოგრამამდე ბავშვისთვის და ჩემი შვილი იმ მომენტში 18 კილოგრამი იყო. რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს წამალი თურქეთშიც არ იშოვებოდა. კლინიკაში გვითხრეს, სპეციალურად უნდა გამოვიწეროთო. პლუს ამას, ითხოვდნენ 1000 ევროს წამალი რომ ჩამოეტანათ. გვითხრეს, რომ ყოველ კვირას უნდა გაკეთებულიყო ერთჯერადად.
ჯამში დაახლოებით 44 000 ევრო იყო მარტო წამლის ღირებულება და ამით არ მთავრდებოდა ყველაფერი. გვითხრეს – სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ ბავშვის ორგანიზმზე და დაავადების აგრესიაზე, შეიძლება დასჭირდეს ერთი თვე, 10 თვე, შეიძლება ერთი წელი ან 10 წელიც კი განკურნებასო“.
მაშინ ნინოს ოჯახმა დაუყოვნებლივ მიიღო ავსტრიაში გადასვლის გადაწყვეტილება, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისი ეგულებოდათ. იქ მათ როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე წამალიც უფასოდ მიიღეს. ნინოს შვილი ახლა 14 წლისაა, თავს კარგად გრძნობს და მისი დაავადება კონტროლს ექვემდებარება.
„დავიწყეთ მოძიება. ახლობლები გვყავდა სხვადასხვა ქვეყნებში, დავრეკეთ, დავიწყეთ ინფორმაციის შეგროვება. ახლობელმა გვირჩია ავსტრია, თავადაც ბავშვის პრობლემის გამო ცხოვრობდა იქ. გვითხრეს, რომ დიდი შანსი გვქონდა ავსტრიაში, ვიდრე საფრანგეთში ან სხვა ქვეყნებში. ევროპაში ჩამოსვლა გაგვიადვილდა სწორედ იმით, რომ იყო უვიზო მიმოსვლა. მარტივად ვიყიდეთ ბილეთი და საღამოს უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით“ – იხსენებს ნინო.
ნინოს ოჯახი თავიდან არ გეგმავდა ავსტრიაში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლას. ახლა ნინო შიშობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში საქართველოში საერთოდ ვეღარ ჩამოვა, რომ შვილის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს:
„სიმართლე გითხრათ, დარჩენა მუდმივად არც მიფიქრია. მეგონა, უფრო მარტივად გამოვიდოდით ამ პრობლემიდან. ალბათ დედის გული ყოველთვის მარტივ გამოსავალს ირჩევს, არ გინდა სირთულე აღიქვა რეალურად. ნამდვილად არ მეგონა, თუ რვა წელი მომიწევდა აქ ყოფნა და ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ეს საკითხი, არ ვიცი რამდენი ხანი ვიქნებით აქ.
საქართველოში დაფინანსება რომ გვჭირდებოდა, თურქეთის კლინიკა პირველად შენატანს, 12 000 დოლარს ითხოვდა და 3000 დოლარით დაგვიფინანსეს. ეს ფაქტობრივად გზის ხარჯია, ბავშვისთვის ფრენაც არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გზა უკვე არ გვქონდა, გავრისკეთ. როცა დაფინანსებაზე ვიკითხე, შემდეგ კიდევ შემოიტანეთ და შეიძლება დაგაფინანსონო – გვითხრეს. ვუთხარი, ამხელა გზაზე „შეიძლებაზე“ როგორ წავიდე, ბავშვია, წიწილაზე ხომ არ გესაუბრებით-თქო და ვწუხვართ, რა ვქნათ, ასეა, ბევრი ითხოვს დაფინანსებას, მადლობა თქვი, რაც მოგეცითო. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანეთ განაცხადი, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ანალოგიურად ბავშვიც. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროა მოქალაქეზე პასუხისმგებელი ავადობის მხრივ.
ევროპაში ეს არის სრულიად მოწესრიგებული. არც მოხუცს, არც ახალგაზრდას, არც ბავშვს, არ აშინებს ის, რომ წამალს ვერ იყიდის, არ აშინებს ის, რომ ვაიმე, ექიმთან მივალ და სანაცვლოდ თირკმელი უნდა დავტოვო იქ. არ აწუხებთ, იმიტომ, რომ 100%-იანი დაზღვევა აქვთ. მე არ ვარ მოქალაქე, მაგრამ მეც 100%-იანი დაზღვევა მაქვს. როგორც კი თავშესაფარი მივიღეთ, ეს სერვისი სრულიად უფასოდ მივიღეთ ოჯახმა“.
ნინო გვიყვება, რომ ევროპაში თავშესაფრის მიღებისთანავე სახელმწიფომ უზრუნველყო ყველა ის სერვისი, რაც მისი შვილისთვის იყო საჭირო. მანამდე რამდენიმე ფორმალური პროცედურა მარტივად და მოკლე დროში გაიარეს:
„როცა თავშესაფარი მოვითხოვეთ გამოგვკითხეს პოლიციის თანდასწრებით, თუ რის საფუძველზე ვითხოვდით თავშესაფარს. ავუხსენით, რომ ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე მოგვიწია ჩამოსვლა ევროპაში. გვქონდა საქართველოში აღებული ფორმა 100, ანალოგიურად – თურქეთის და ეს საბუთები მივაწოდეთ.
როცა გადაიკითხეს, არც კი უკითხავთ რომელ კლინიკაში მინდოდა წასვლა. აიღეს ტელეფონი, გამოიძახეს ჯგუფი და 15 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარება. გადაიყვანეს ბავშვი კლინიკაში, სადაც 10 წუთი გავჩერდით, ანალიზი აუღეს, ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა,კრეატინინი ჰქონდა 700-ზე მეტი, იყო მაღალი წნევით, კრუნჩხვაში, თირკმელმა დაკარგა ფუნქცია. კლინიკამ თვითონ გადაგვამისამართა სხვა წამყვან კლინიკაში, საუნივერსიტეტო კლინიკას ეძახიან, დღემდე იქ ვართ აღრიცხვაზე და გავდივართ კონტროლს.“
გარდა ჯანდაცვის სერვისებისა, ნინომ გაგვიზიარა, რა შესთავაზა ევროპამ მის ოჯახს, რის გამოც ნინო ძალიან მადლიერია და მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „საქართველოსთვის ნათელი მომავლის დაკარგვის ტოლფასი იქნება“:
„ზოგადად, ნათქვამია, რომ გაგონილს ნანახი სჯობია, ეს მართლაც ასეა. ვისაც უნდა, გაიგებს და აღიქვამს, კარგ მსმენელს, კარგი გამგონე სჭირდება, ვისაც არ უნდა, ის მაინც იქნება თავის აზრზე.
ევროკავშირი მყარად დგას ფეხზე, არ ჰყავთ მშიერი ხალხი. თავიანთი მოქალაქე კი არა, თავშესაფრის მაძიებლებიც ჰყავთ დაპურებული, უზრუნველყოფილი საცხოვრისით, ანალოგიურად არის განათლების მხრივ, სოციალური დაცვის მხრივ. ჩემთვის აღმაფრთოვანებელი და შოკი იყო ის, რომ რაც მჭირდებოდა, სრულად, 100%-იანი დაფინანსებით შემომთავაზეს.
დღემდე, თუ რაღაც მაწუხებს, ექიმი მაძლევს რეცეპტს და ამ რეცეპტით შევდივარ აფთიაქში, ვიღებ ყველა წამალს, ამ დროს თანხას არ ვიხდი. აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრია, პრეზიდენტი თუ უბრალო მოქალაქე, ანალოგიურია კანონი ყველასთვის. იგივეა ეკონომიკის მხრივ, სამუშაო თუ გინდა, ჩვეულებრივად დაიწყებ მუშაობას. სამუშაო გრაფიკი მაქსიმალური 12 საათია და არა 24-საათი. ეს არის ამათთვის მიუღებელი და გეუბნებიან, რომ არ შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვის, დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობას.
მე სადაც ვმუშაობ, ოთხდღიანი განრიგი მაქვს, სამი დღე ვისვენებ. ერთხელ თანამშრომელმა მთხოვა, ამეღო კიდევ მისი საათები, რაღაც პრობლემა ჰქონდა და წასვლა უნდოდა. სიამოვნებით დავთანხმდი, ზუსტად 10 წუთში დამირეკა უფროსმა შემოდი ჩემთანო, მითხრა მესმის, ქართველი ხარ, მაგრამ სიტყვა „არა“ უნდა ისწავლო, ეს არ შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვისო.
აქ მინიმალური ხელფასი 1500 ევროა და მიდის ზემოთ. არის საშვებულებო ხელფასი, მე-13 და ახალი წლის ხელფასი მე-14. სრულიად იმ ხელფასის ოდენობით გემატება ერთი იმდენი, რასაც ოფიციალურად იღებ“.
ნინო ყოველდღიურად თვალს ადევნებს, თუ რა ხდება საქართველოში და ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს თუ როგორ მუშაობს პოლიცია ვენაში:
„მომწონს ის, რომ დაცული ხარ, არ გეშინია ვინმესგან ძალადობის. ის კი არა, რომ დაირეკო პოლიციაში ქმარი ვიღაცაზე ძალადობს, პოლიცია მოვიდეს და ოჯახია და ვერ ჩავერევითო, არა, აქ ასეთი რამ არ ხდება. დაცული და უზრუნველყოფილი ხარ. გარდა ამისა, ქალაქი მოწესრიგებულია“.
ნინო გვიზიარებს მოსაზრებას, რაში სჭირდება საქართველოში პროპაგანდას იმის მტკიცება, რომ „ევროპა ცუდია და ქალი ქალი არ არის კაცი არ არის, რომ გაცებს გაათხოვებენ და სქესის შეცვლას რეესტრი დააკანონებს“:
„ეს იმიტომ სჭირდებათ, რომ ხალხს აურიონ გონება. ჩვენს ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა წავიდეთ რუსეთისკენ. მაგრამ ხალხმა იცის სად კარგია და სად ცუდი“ – მიიჩნევს ნინო.
batumelebi.netgazeti.ge
