„ჯავშნების მიღება დაახლოებით, 35%-ით არის შემცირებული“ – Merebashvili Estate

წელს ტურისტულ ნაკადებზე, ქვეყანაში გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა იმოქმედა და საქართველოში მოგზაურობისგან ბევრმა შეიკავა თავი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯავშნების მიღება, დაახლოებით, 35%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ კასპში მდებარე Merebashvili Estate-ს დამფუძნებელმა შალვა მერებაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტში მისული სტუმრები ძირითადად გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებიდან არიან.
“2018 წლიდან აქტიურად დავიწყეთ ღვინის ბრენდირებული სახით ჩამოსხმა და ასევე, ტურისტული კუთხით განვითარება. თავდაპირველად, მხოლოდ “ჩინური” და “თავკვერი” გვქონდა, ხოლო მეორე წლიდან დავამატეთ “გორული მწვანე” და “შავკაპიტო”, რომლებიც უნიკალური ვაზის ჯიშებია და გადაშენებული იყო. ჩვენი ვენახების 60%-ზე ახლა სწორედ ეს ენდემური ვაზის ჯიშებია გაშენებული. ასევე, 2018 წელს დავიწყეთ მარანში სტუმრების სტუმარმასპინძლობის სერვისი. პირველივე წელს ჩვენს ობიექტს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და 25 ქვეყნიდან ჩამოსულ 800-მდე საერთაშორისო სტუმარს ვუმასპინძლეთ. იმის შემდეგ დავიწყეთ გაფართოება, სადეგუსტაციო სივრცის დამატება და ა.შ.
2020 წელს მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დაიწყო, ჩვენ ძალები ექსპორტზე მივმართეთ, რაც წარმატებით დამთავრდა და გერმანიის ბაზარზე გავედით. 2021 წლიდან კვლავ იმატა ტურისტულმა ნაკადებმა. იმის შემდეგ, ყოველ წელს ვიზრდებით და სხვადასხვა სივრცეს ვამატებთ. გამომდინარე იქიდან, რომ განთავსებაზე დიდი მოთხოვნა იყო – სასტუმროც დავამატეთ. 2025 წლის 7 ივლის ჩვენი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც 6 ნომერს მოიცავს და 14 სტუმარზეა გათვლილი, თუმცა ჯამში 16 სტუმრის განთავსების საშუალება გვაქვს”, – აცხადებს შალვა მერებაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, მეღვინეობა 6000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, რომლის 80% ადგილზე, ხოლო 20% ექსპორტზე – გერმანიასა და იაპონიაში იყიდება.
წყარო: ბიზნესპარტნიორი