ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა, დარგის სპეციალისტებმა ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე გამოწვევებზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გლობალიზაციის პროცესში სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„დღეს, როგორც არასდროს, ამ საერთაშორისო კონფერენციის თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის. გლობალიზაციის შესწავლა უნდა დავიწყოთ სწორედ ეკონომიკიდან. ევროინტეგრაციის პროცესში შეიძლება წავაწყდეთ გარკვეულ სირთულეებს, რომელზეც დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი. თქვენ ქმნით ეკონომიკურ აზრს ჩვენს სახელმწიფოში და მსოფლიოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მოხსენებები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის ინფორმაციით, კონფერენციაში 100-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი მონაწილეობდა, რომლებმაც 50-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი წარმოადგინეს.
„ამ რთულ, ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში ჩვენ ვცდილობთ, მოვძებნოთ ახალი გზები და მიდგომები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და მის ეკონომიკას ჰქონდეს საკმარისი სტიმული შემდგომი ზრდისათვის“, – აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.
თსუ-ის ინფორმაციით, მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება