ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-ის რვა პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-ზე მეტი სტუდენტი ისწავლის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ ქვეყნისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია.
„ხშირად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამ ინსტიტუციის საშუალებით იღრმავებენ ან ეუფლებიან ახალ პროფესიებს სხვადასხვა მიმართულებით. შრომის ბაზარზე ამ ადამიანებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია“, – განმარტა რექტორმა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, სტუდენტებს თსუ-ში დახვდებათ განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი სტუდენტური სივრცეები, მათთვის ლექციებს წაიკითხავენ სფეროს პროფესიონალები.
„მინდა თავი იგრძნოთ ამ უნივერსიტეტის სრულფასოვან ნაწილად. თქვენ ხართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. თქვენ უნდა შექმნათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისეთი განათლება მივცეთ ჩვენს სტუდენტებს და ისეთი თაობა აღვზარდოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს ჩაიბარებს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა.
თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ასევე, იზრდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობაც.
მისი თქმით, მომავალი წლიდან კიდევ რამდენიმე პროგრამა დაემატება, მათ შორის, შეიქმნება ერთობლივი პროგრამა ს პროფესიული განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.
უნივერსიტეტის განმარტებით, მარიამ ხმიადაშვილი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“ ისწავლის.
„ძალიან საინტერესო სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი ჩემი კარიერული და პიროვნული ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ხმიადაშვილმა.
„2023 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
2023 წლის მიღებაზე 400 ადგილზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. პროფესიული პროგრამების სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება- გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი 12 წლის განმავლობაში, ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის