თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტები თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) შესაძლო გაერთიანების პროცესს აპროტესტებენ.
ისინი უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან დილიდან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მიეღოთ პასუხები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სტუდენტების განცხადებით, მათ მოახერხეს რექტორთან გასაუბრება. სამუშიასთან შესახვედრად 6 სტუდენტი შევიდა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ თიბილოვი აცხადებს, ჯაბა სამუშიამ მათ განუცხადა, რომ მას ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
“შეხვედრაზე შევედით იმ მიზნით, რომ გაგვეჟღერებინა თქვენი ხმა და თქვენი მოთხოვნა. გვინდოდა შევხვედროდით მას, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი პირველი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენელსა და პირველ პირს. მან გვითხრა, რომ ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია და ელოდება ფაკულტეტების, დეკანებისა და საბჭოების პოზიციებს. ეს ყველაფერი უნდა მიმოიხილოს და შემდეგ ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. პიროვნულად არაფერი უთქვამს ამ ყველაფერთან დაკავშირებით,” – განაცხადა სტუდენტმა.
მისივე თქმით, რექტორთან შეთანხმება მიღწეულია და მომავალ კვირაში დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
“შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრს შეხვდება, მასთან შეხვედრა კიდევ გვექნება, ოღონდ გაფართოებულ რეჟიმში, რომელი გაშუქდება. სამწუხაროდ, ჯაბა სამუშიამ დღეს უარი თქვა იმაზე, რომ მედიები შემოსულიყვნენ შეხვედრაზე და ეს ყველაფერი გაეშუქებინათ. არ ვიცი, ეს ყველაფერი რატომ მოხდა, მაგრამ ჩვენ [მომდევნო შეხვედრაზე] გვექნება საშუალება, რომ მთლიანი რეჟიმი, ლაივ რეჟიმში გავაშუქოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ალბათ მედიებიც მხარში დაგვიდგებიან და რამენაირად შევძლებთ, რომ ყველასთან მივიტანოთ ჩვენი ხმა,” – განაცხადა სტუდენტმა.
სტუდენტები აცხადებენ, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანების დეტალებზე.
“ქართული ოცნება” საქართველოს ორი უმსხვილესი უნივერსიტეტის — თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. ეს გეგმა ფართო საზოგადოებისთვის ჯერ ბუნდოვანია.
სიტუაცია გამწვავდა ორი დღის წინ, 31 იანვარს, როდესაც პროფესურის ნაწილმა მკაფიო უარი განაცხადა ამ იდეაზე.
სტუ-ს პროფესორებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომლითაც მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მათი მთავარი მოთხოვნებია:
· მორატორიუმი: შეჩერდეს ყოველგვარი ნაჩქარევი გადაწყვეტილება სტატუსსა და სტრუქტურაზე.
· დიალოგის დაწყება: პროცესი გახდეს საჯარო და დაიწყოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან.




