ხშირად სცოდავს როგორც სააგენტო, ისე რესტორანი და ტურისტს დაბალბიუჯეტიან კვებას აწვდის – რესტორატორი სექტორის გამოწვევებზე

ხშირად სცოდავს, როგორც სააგენტო, ისე რესტორანი და ტურისტს დაბალბიუჯეტიან კვებას აწვდის, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასე იქცევა არა იმიტომ, რომ მეტი საშუალება არ აქვს ტურისტს არამედ იმიტომ, რომ თვითონ სააგენტომ ნახოს მეტი სარგებელი.
„სტუმარი, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავს საქართველოში სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოს და ერთიან თანხას იხდის განთავსება და კვებით მომსახურებაში, ხშირ შემთხვევაში სცოდავს, როგორც სააგენტო, ისე რესტორანი და ტურისტს დაბალბიუჯეტიან კვებას აწვდის. ასე იქცევა არა იმიტომ, რომ მეტი საშუალება არ აქვს ტურისტს არამედ იმიტომ, რომ თვითონ სააგენტომ ნახოს მეტი სარგებელი. და ხშირ შემთხვევაში ის მარგალიტი, რაც ჩვენი გასტრონომიაა, არასწორად მიეწოდება ხარისხობრივად და შინაარსით საქართველოში ჩამოსულ ტურისტს. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება. ეს სახელმწიფო დონეზეა განსახილველი“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორის თქმით, კონკრეტული ადამიანების კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით, ეს ქვეყნის იმიჯს განსაზღვრავს და თუ არ გამოსწორდა, საქართველო ვერ გახდება გასტრონომიული ტურიზმის ქვეყანა.
შოთა ბურჯანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯეიმი ოლივერის საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ცნობილი შეფის ჩამოყვანა მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. გასტრონომიულ სექტორში ჯეიმი ოლივერი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ ყველაზე საუკეთესო არა და მისი სიტყვა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს რესტორატორი.

ასევე დაგაინტერესებთ