,,ხშირად მოქალაქეები ვერ იღებენ დროულ პასუხებს საჯარო უწყებებიდან….. ყველა საჯარო დაწესებულებაში მხილების ძლიერი მექანიზმი ამოქმედდება” – რაჟდენ კუპრაშვილი
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყველა საჯარო დაწესებულებაში მხილების ძლიერი მექანიზმი ამოქმედდება. რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის პირდაპირ კავშირშია კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიასთან.
„მამხილებელი შეიძლება იყოს როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ისე საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ უწყებაში. მტკიცების ტვირთი მას არ ექნება და ეს ბიუროს, როგორც გამკვლევის, საგანი გახდება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მხილების მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის ზრდას და მოქალაქეების ნდობის განმტკიცებას საჯარო სექტორის მიმართ.
„ხშირად მოქალაქეები ვერ იღებენ დროულ პასუხებს საჯარო უწყებებიდან. ეს პირდაპირ აზიანებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, ამიტომ მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ჩვენი დემოკრატიის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, – აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.
