“დაფიქრებულხართ თუ არა, რა არის თქვენი მიზანი, როცა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო პირია ის თუ არა, უწერთ საჯაროდ კომენტარს გარეგნობის შესახებ. მაგალითად, მე ხშირად ვიღებ ასეთ შეტყობინებებს: “ვაიმე, რა გამხდარი ხარ”, “ეს რას დამსგავსებულა”, “მგონი ძალიან დაბერდი” და ა.შ.
რა თქმა უნდა, ეს ჩემს შინაგან სრულფასოვნებაზე არანაირად არ მოქმედებს, თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვის ტრენდში დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიას, შეფასებებს, იმ არარეალურ რეალობას, რომელსაც გვაჩვენებენ. შეიძლება სიგამხდრის, სიმსუქნის ან ნაოჭის მიღმა იდგეს ფსიქოლოგიური პრობლემა, ცხოვრების წესი, სირთულეები, რომლებსაც ადამიანები გადიან. მინდა, რომ ამაზე ხშირად დავფიქრდეთ, ადამიანის გარეგნობა არ არის მისი შეფასების უმაღლესი კრიტერიუმი და რომ ჩვენმა ნათქვამმა სიტყვამ სხვას მართლა შეიძლება ატკინოს გული ან უბიძგოს პროცედურებისა თუ ინექციებისკენ, რომ სრულყოფილებას მიაღწიოს.
უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და კარგი კომენტარებიც არ დავიშუროთ ერთმანეთისთვის”, – ამბობს გვანცა დარასელია ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გააზიარა.
გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა.
“ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა” – ამბობდა გვანცა.
ახლა გვანცას საკუთარი რადიო “ქალების რადიო” აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად.
“ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება. ჩვენ ორივე ვითარდებით ცალ-ცალკეც და ერთადაც. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. გვაქვს ერთობლივი მიზნები, რომლებიც გვინდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი საქმის გამო გარკვეული ნაწილი ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა”, – ამბობდა გვანცა დარასელია.
გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.
