ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების – ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური შიდა დაპირისპირების შედეგია და არ უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდში მიმდინარეობს გავლენების გადანაწილება, სადაც ირაკლი კობახიძე ცდილობს, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთ მემკვიდრედ დარჩეს.
მოსთხოვეს სალაროს შევსება და ესენი გაჯიუტდნენ. რაღაც თანხა მოსთხოვეს, როგორც ჩანს, ეს თანხა არ მოიტანეს და ბანალური სპეცოპერაცია მიდის. მერე, კობახიძეს, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინას ერთადერთ მემკვიდრედ უნდა, რომ დარჩეს, მის ირგვლივ ველის მოსუფთავების პირდაპირი არგუმენტი აქვს და ამ გზას მიჰყვება ახლა. მე არ მჯერა, რომ ფარცხალაძე, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ბიძინას წინააღმდეგ საელმწიფო გადატრიალებაში იყვნენ ჩართულები, – ამბობს ხუხაშვილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლებში.
როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.
მისივე თქმით, ძალოვენები იმყოფებოდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს ექს-მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირების სახლებშიც.