დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, ავსტრალიამ, კანადამ და ახალმა ზელანდიამ სანქციები დაუწესა ორ ულტრამემარჯვენე ისრაელელ მინისტრს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე „პალესტინის თემების წინააღმდეგ ძალადობის არაერთხელ წაქეზებისთვის“. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იტამარ ბენ-გვირს და ბეზალელ სმოტრიჩს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა და გაყინული ექნებათ დიდ ბრიტანეთში არსებული ყველა აქტივი. სამინისტროს განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა სმოტრიჩმა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ბენ-გვირმა „ექსტრემისტული ძალადობის წაქეზება და პალესტინელების ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“ განახორციელეს.
საპასუხოდ, ისრაელმა განაცხადა: „აღმაშფოთებელია, რომ არჩეული წარმომადგენლები და მთავრობის წევრები ამ ტიპის ზომებს ექვემდებარებიან“.
სმოტრიჩსაც და ბენ-გვირსაც აკრიტიკებენ ღაზაში ომთან დაკავშირებით მათი პოზიციის გამო. ორივე მინისტრი ეწინააღმდეგება ღაზაში დახმარების შეშვებას და მოუწოდებს იქ მყოფი პალესტინელების ტერიტორიის გარეთ გადასახლებას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „მას შემდეგ, რაც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის თემები კვლავ განიცდიან ექსტრემისტი ისრაელელი მოსახლეების მიერ ჩადენილ მძიმე ძალადობრივ აქტებს, რაც ასევე ძირს უთხრის პალესტინის მომავალ სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას და ნორვეგიას საერთაშორისო რეაგირების გაძლიერებაში“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, დარჩენილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც ჰამასის ხელში არიან და რომელსაც მომავალში არ შეუძლია ღაზის მმართველობაში როლის შესრულება, დახმარების ზრდას და ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ მიმავალი გზის გახსნას“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა უპასუხოს იმას, რასაც მან „მიუღებელი გადაწყვეტილება“ უწოდა.
ფორუმი
